ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილ პირებს მოუწოდებს, მითვისებული ფართები დატოვონ

ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილ პირებს მოუწოდებს, მითვისებული ფართები დატოვონ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო ობიექტებში უკანონოდ შეჭრილ ყველა პირს მოუწოდებს, თვითნებურად მითვისებული ფართები საკუთარი ნებით დატოვონ. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება ამ პრობლემის დარეგულირების მიზნით კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს. 

უწყების ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბოლო თვეების განმავლობაში ლტოლვილთა განსახლებისა და დევნილთა სამინისტროს უკვე გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება - საქართველოს მასშტაბით 42 ობიექტი, სადაც დევნილთა სამინისტროს მონაცემებით, ბინებით 1000-მდე დევნილი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

"ბოლო პერიოდში მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფო შენობებში ადამიანთა ჯგუფების უკანონოდ შეჭრის ფაქტებმა. მხოლოდ სექტემბრის მეორე ნახევრიდან დღემდე მათ უკვე ათეულობით ობიექტი დაიკავეს. ისინი ასევე უკანონოდ მოითხოვენ ამ ობიექტებში ელექტროენერგიისა და წყლის შეყვანას. თუმცა, კანონის დამრღვევთა მოთხოვნების დაკმაყოფილება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე ვერ მოხდება. ლტოლვილთა განსახლებისა და დევნილთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, თბილისში, ღოღობერიძის ქ. #3-ში მდებარე სახელმწიფო ქონების მისთვის გადაცემის თაობაზე, რათა იქ მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახებისათვის საკუთრების უფლებით ფართების გადაცემა. თუმცა, აღნიშნულ ქონებაში ამჟამად უკანონოდ შეჭრილი პირები იმყოფებიან. სწორედ დევნილებისთვის ბინების გადაცემის მიზნით იგეგმება თვითნებურად დაკავებული ობიექტების გამოთავისუფლება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მისივე ინფორმაციით, გარკვეულ პირთა ჯგუფი უკანონოდაა შეჭრილი მთაწმინდაზე, იაშვილის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო ობიექტშიც.

"ხელისუფლება მათ მიმართაც გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას. აქვე გვსურს, მივმართოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რათა ჩაერთონ ამ პროცესში და მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში დაეხმარონ ამ ადამიანებს მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო ობიექტებში უკანონოდ შეჭრილ ყველა პირს მოუწოდებს, საკუთარი ნებით დატოვონ თვითნებურად მითვისებული ფართები", - აღნიშნულია განცხადებაში.