ბაჩო ახალაიამ ადვოკატების მომსახურებაზე უარი განაცხადა

ბაჩო ახალაიამ ადვოკატების მომსახურებაზე უარი განაცხადა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა.

როგორც "პირWელს" ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, ახალაიამ სასამართლო პროცესი მოსამართლე გიორგი დარახველიძის უკანონო გადაწყვეტილბების გამო მიიღო.

"წინა სხდომაზე პროკურატურამ ისეთი მოწმე დაკითხა, რომელიც სიაში საერთოდ არ იყო. მოსამართლემ კი ბრალდების მხარეს ამის უფლება მისცა. ეს უდიდესი დარღვევაა. ამასთან, ჩვენ საშუალება არ გვეძლევა შუამდგომლობები დავაყენოთ მაგალითად, დღეს გვინდოდა, რომ მოსამართლის აცილებაზე შუამდგომლობა დაგვეყენებინა. თავდაპირველად მოსამართლემ ამის საშუალება არ მოგვცა, შემდეგ დავაყანეთYდა მას არც უმსჯელია, არც განუხილავს და არც დაგვიკმაყოფილა. ამის შემდეგ ბაჩო ახალაიამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა და განაცხადა, რომ სხვა პროცესებზეც არ ივლის და მხოლოდ დასკვნით სიტყვაზე გამოცხადდება. ასევე ახალაიამ უარი განაცხადა ადვოკატების მომსახურებაზე, რადგან მისი თქმით, ადვოკატებს დაცვის საშუალება მაინც არ ეძლევათ", - განაცხადა ველიჯანაშვილმა და დასძინა, რომ აღნშნულ საქმეზე ახალაიას ინტერესებს სახაზინო ადვოკატი დაიცავს, სხვა ბრალდების საქმეზე კი ადვოკატები ახალაიას დაცვას ჩვეულებრივ გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდებსა და ზვიად აბესაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდს, როდესაც მას პროკურატურის ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავისუფლება აღუკვეთეს.

ბაჩო ახალაიასთან ერთად აღნიშნულ პროცესზე ბრალდებულების გიორგი კალანდაძის, ალექსანდრე გორგაძის, ზურაბ შამათავას, მერაბ კიკაბიძის, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილის საქმეები განიხილება, თუმცა მათგან დარასელია და კინწურაშვილი მიმალვაში არიან და შესაბამისად, პროცესს არ ესწრებიან.