კობა დავითაშვილი მთავრობას ურჩევს, ბიზნესის სტიმულირება ბიუჯეტის ხარჯზე განახორციელოს და არა დასაქმებულების

კობა დავითაშვილი მთავრობას ურჩევს, ბიზნესის სტიმულირება ბიუჯეტის ხარჯზე განახორციელოს და არა დასაქმებულების

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა დავითაშვილი მთავრობას ურჩევს, თუკი მას ბიზნესის სტიმულირება სურს, ეს საგადასახადო შეღავათებით - ბიუჯეტის ხარჯზე განახორციელოს და არა - დასაქმებულების ხარჯზე.

შესაბამისი განცხადება დავითაშვილმა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად, "შრომის კოდექსის" პროექტის იმ ღიად დარჩენილ მუხლებს განიხილავენ, რომელსაც ბიზნესსექტორის და მათი ლობისტი დეპუტატების ნაწილი მხარს არ უჭერს. მათ შორის არის უვადო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული მუხლი, რომლის კიდევ უფრო მეტად "შერბილებაზეა" საუბარი. კერძოდ, როგორც ბარამიძემ განმარტა, არის შემოთავაზება, რომ ვადიან შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით დამწყებ კომპანიებს პირველი ოთხი წლის განმავლობაში დამატებითი შეღავათები მიეცეთ და მათთვის განსხვავებული რეჟიმი განისაზღვროს.

ამასთან დაკავშირებით კობა დავითაშვილმა მთავრობას და მმართველ გუნდს "შრომის კოდექსთან" დაკავშირებით წინასაარჩევნო პროგრამა და თავად მთავრობის სამოქმედო პროგრამა შეახსენა. დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია ერთკვირიანი და ერთთვიანი ხელშეკრულებების დაწესებაზე, რაც, მისივე შეფასებით, დამსაქმებელს დასაქმებულის დაუსაბუთებლად გათავისუფლების საშუალებას აძლევს.

"ძალიან კარგია პროფკავშირები, ბიზნესმენთა ასოციაციები, მაგრამ შეთანხმებული მუშაობა პარლამენტის შიგნით უნდა ხდებოდეს - პარლამენტის წევრების ხმების მოსაპოვებლად. როგორც ჩანს, ბიზნესასოციაცია და დამსაქმებელთა ასოციაცია ყველა ბიზნესმენის ინტერესს არ გამოხატავს და არსებობს ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები. უკვე მესამედ, ჩვენ დამსაქმებლებისთვის რაღაც დათმობებს ვაკეთებთ, რაღაც ნაბიჯები იდგმევა და სანაცვლოდ, მხარდამჭერთა ხმების რაოდენობა არ იზრდება. დამსაქმებლები არსებული კომპანიების ინტერესებს იცავენ და მათ რაში უნდა აწყობდეთ და რატომ უნდა ითხოვდნენ, რომ ახლა რომ კომპანია შეიქმნება, იმათ მიეცეთ შეღავათები მათთან შედარებით?! ასეთ მოთხოვნის ლოგიკას ვერ ვხედავ. თუკი საუბარია იმაზე, რომ ეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის ინიციტივაა, რომ ბიზნესი განვითარდეს, მინდა მოგახსენოთ, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ წინა ხელისუფლების ქმედებებისგან დასკვნები ვერ გამოვიტანეთ, რომელიც ბიზნესს მუშაკების ხარჯზე ახალისებდა. მთელი "შრომის კოდექსი" იყო სწორედ ეს - "აჰა შენ, რაც გინდა უქენი დასაქმებულს და სამაგიეროდ, მე რაც მინდა, იმას გიზამ". თუკი ჩვენ ახალი ბიზნესის სტიმულირება გვინდა, ამისთვის არსებობს საგადასახდო შეთავათები და სტიმულირება მოვახდინოთ სახელმწიფო ბიუჯეტის და არა - მუშაკების ხარჯზე", - განაცხადა დავითაშვილმა საკომიტეტო განხილვისას, რომელიც ამ თემაზე მთავრობასთან და მის ხელმძღვანელთან საუბარს გეგმავს.

ვადიან ხელშეკრულებებთან დაკავშირებული მუხლის გარდა, "შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებების პროექტში ღიად კიდევ რვა მუხლი რჩება. ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, ნორმირებულ სამუშაო კვირასთან დაკავშირებით არის შემოთავაზება, რომ კვირაში 40-საათიანი ლიმიტი დარჩეს, მაგრამ სპეციფიური სამუშაო პირობების მქონე საწარმოებში, ნორმირებული სამუშაო საათები უფრო მეტი იყოს, მაგრამ არაუმეტეს 48-საათისა. გარდა ამისა, მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებულებისთვის პარლამენტში წარდგენილი პროექტით, გათვალისწინებულია 15 კალენდარული დღე, დამატებითი შვებულებით. როგორც ბარამიძე განმარტავს, შეთავაზებულია, რომ ეს შემცირდეს და საუბარია 6 დღეზე.
გუშინდელ სესიაზე, მეორე მოსმენით კენჭი არ უყარეს კანონპროექტის იმ მუხლს, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელი ვალდებული ხდება დასაქმებული გათავისფლების შესახებ ერთი თვით ადრე გააფრთხილოს და ერთი თვის შრომის ანაზღაურებაც გადაუხადოს.

"გვთავაზობენ, რომ დასაქმებულს შეეძლოს აირჩიოს, რომ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სამი კალენდარული დღით ადრე გააფრთხილებენ და ორი თვის ანაზღაურებას გადაუხდიან", - განაცხადა ბარამიძემ.