"ფორბსი" - საქართველო ნატო-ს წევრობას უახლოვდება, ბიძინა ივანიშვილი კი კრემლის ჩანერგილი არ არის

"საქართველო ნატო-ს წევრობას უახლოვდება, ბიძინა ივანიშვილი კი კრემლის ჩანერგილი არ არის", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა "ფორბსი" მარკ ადომანისის სტატიას საქართველოზე. 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში გამართულ 2012 წლის არჩევნებში, ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებისა და მიხეილ სააკაშვილის დამარცხების შემდეგ, ბევრი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ სააკაშვილის მარცხი "რუსეთის გამარჯვება" იყო.

"ასე მაგალითად, "ვოლ სტრიტ ჯორნალის" ჟურნალისტი ჯიმი კირჩიკი წერდა, რომ "ივანიშვილი საქართველოს კვლავაც მოსკოვის გავლენის ქვეშ მოაქცევდა"; "ვაშინგტონ პოსტი" კი ივანიშვილს "საქართველოში ვლადიმერ პუტინის კაცად" მოიაზრებდა, თჰე ჭეეკლყ შტანდარდ-ი კი არჩევნებამდე წერდა, რომ ივანიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, "საქართველოს დემოკრატიასა და ადგილობრივ უმცირესობებს, შესაძლოა, უდიდესი რეგრესი განეცადათ". ახლა კი, როცა არჩევნებიდან 7 თვე გავიდა, საქმე სულ სხვაგავარდაა. "პუტინის კაცმა" ამას წინათ განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველო დიდი ნაბიჯს გადადგამს ნატო-სკენ და ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მიიღებს", - წერს მარკ ადომანისი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას ციტირებს, როდესაც მან განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი მიზანი ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებაა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რთული საკითხავია, მიიღებს თუ არა საქართველო MAP-ს 2014 წელს, რადგან ეს საკითხი საქართველოს გადასაწყვეტი არ არის. თუმცა, ქართული საზოგადოების მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლება სწორედ იმას აკეთებს, რასაც მისგან მოელოდა: დასავლეთისკენ მიისწრაფვის.

"რატომ გახდა ივანიშვილი, რომელიც არასოდეს მალავდა თავის პროდასავლურ მიდრეკილებებს, ასეთი საძულველი ფიგურა ამერიკის გარკვეულ სეგმენტებს შორის? იმიტომ, რომ ის ეწინააღმდეგებოდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ერთობ პოპულარული იყო თავისი ანტირუსული პოზიციებით და პროამერიკულობით. კიდევ იმიტომ, რომ სააკაშვილი საკუთარ თავს რეგიონში ამერიკის სანდო პარტნიორად მიიჩნევდა და საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციას იმედოვნებდა. სწორედ ამიტომ ბევრი ვარაუდობდა, რომ ივანიშვილი, რომელიც სააკაშვილის ოპონენტი იყო, ეწინააღმდეგებოდა ყველაფერ იმას, რასაც სააკაშვილი მხარს უჭერდა", - აღნიშნავს "ფორბსის" კონტრიბიუტორი.

თუმცა, საბაზისო დონეზე, - წერს სტატიის ავტორი, - განსხვავება სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ტაქტიკური იყო და არა – სტრატეგიული. სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა და საქართველოს რუსეთის გავლენისგან გათავისუფლება უნდოდა. განსხვავება მათ შორის მხოლოდ ამ მიზნების განხორციელებისადმი მიდგომა იყო.

"უცნობია რა მიზეზით, მაგრამ სააკაშვილი ფიქრობდა, რომ თავის დაუძინებელი ჩრდილოელი, ბირთვული შეიარაღების მქონე მეზობლისგან საქართველოს გათავისუფლების საუკეთესო გზა ფეთქებადი და შურისმაძიებელი ვლადიმერ პუტინის გაღიზიანება იყო. ნაცვლად იმისა, რომ მშვიდად ემუშვა საქართველოს რუსეთისგან დამოკიდებულების შემცირებასა და მოსკოვის ზეწოლისგან ქვეყნის ეტაპობრივად გათავისუფლებისგან, სააკაშვილმა ერთ-ერთ გამოსვლაში თავისი განზრახვები ასე ახსნა: "რუსებთან არაფერი გვესაქმება, ჩვენ ახლა დასავლეთის ნაწილი ვართ". ამ განცხადების შემდეგ, რთული არ არის იმის მიხვედრა, რატომ განიცადა მისმა "გეგმამ" კრახი", - წერს "ფორბსის კონტრიბიუტორი.

როგორც მარკ ადომანისი აღნიშნავს, განსხვავებით სააკაშვილისგან, ივანიშვილი მშვიდ და წინადახედულ თამაშს თამაშობს და შეგნებულად ცდილობს რუსეთთან დაძაბულობა კი არ გაამწვავოს, არამედ მინიმუმამდე შეამციროს.

"ის კვლავაც ერთგულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და ქვეყნის დასავლეთის მიმართულებით წაყვანისკენ და რადგანაც ის ამ მიზნებს ასრულებს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს მას", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

როგორც მარკ ადომანისი წერს, რამდენადაც საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ყველა ის ისტერიული ბრალდებები, რომელიც ივანიშვილის მისამართით იყო არჩევნების დროს და ის თავდამსხმები მის რეალურ საქმიანობას შევადაროთ.

"შესაძლებელია თუ არა ჩავარდეს ივანიშვილის გეგმა საქართველოს დასავლეთისკენ წაყვანის? - დიახ, ეს სავსებით შესაძლებელია, რადგან მოსკოვი თავზარდაცემული შეხვდება ნატო-ს გაფართოების პერსპექტივას და რაიმე რადიკალურს მოიმოქმედებს. მაგრამ თუ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ჩავარდება, ეს იმიტომ არ მოხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი "საქართველოში პუტინის კაცია", არამედ მოცემული ამოცანის სირთულიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე", - წერს "ფორბსის" კონტრიბიუტორი.