ირაკლი ღარიბაშვილი სესილია მალმსტრომსა და შტეფან ფულეს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი სესილია მალმსტრომსა და შტეფან ფულეს შეხვდა

ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საშინაო საქმეების საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომსა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა გამართა ორმხრივი შეხვედრები ნატო-ს გენერალური მდივნის პირველ მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუსთან, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეებთან: პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში დირკ ბრენგელმანთან, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების საკითხებში ჰუსეინ დირიოზთან, უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში გაბორ იკლოდთან.

შეხვედრების დროს განხილული იყო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები და ამ პროცესში შსს-ს როლი. მინისტრმა ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებული რეფორმებისა და ნატო-სთან თანამშრომლობის მიმართულებით პრიორიტეტულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიელ კოლეგას ჟოელ მილკესაც შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული რეფორმებისა და ამ მიმართულებით დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ.