ე.წ. ნორაშენის ეკლესიას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდება

ე.წ. ნორაშენის ეკლესიას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდება

კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ნორაშენის ეკლესიას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ე.წ. ნორაშენის ეკლესიიდან, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სომხურ ეკლესიას შორის სადავო ტაძარს წარმოადგენს, წიგნსაცავის გამოტანა და გამოსუფთავება დაიწყო, რათა შემდეგ ტაძარს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდეს. ამ მიზნით დღეს ნორაშენში კულტურის სამინისტროს, საპატრიარქოს, სომხური ეკლესიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ტაძრის კარი წლების განმავლობაში დაკეტილია და სპეციალურად ამ მიზნით გაიღო. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ მაცაბერიძემ განაცხადა, ტაძრის კუთვნილების გარკვევამდე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იქ სარესტავრაციო სამუშაოები შესრულდეს. მისივე თქმით, საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში მეცნიერებათა აკადემიის წიგსაცავი იყო. წიგნები საპატრიარქოს გადაეცა და გადატანილი იქნება ჯიქიას ქუჩაზე, საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში.

მაცაბერიძე ჯერ ვერ აკონკრეტებს, თუ როდის დაიწყება ე.წ. ნორაშენში სარესტავრაციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს ეგიდით შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც დაიწყო მუშაობა საქართველოს საპატრიარქოსა და სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ინტერესის ქვეშ მოქცეული ეკლესიების რეაბილიტაციისათვის საჭირო საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაგეგმად.

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელმა, ლევან ისახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტაძარი XV საუკუნეში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მიერ აშენდა და იქ მსახურება კომუნისტების პერიოდამდე მიდიოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ რესტავრაციის შემდეგ ეკლესია მესაკუთრეს დაუბრუნდება.

ე.წ.ნორაშენის ეკლესიაში უნიკალური ფრესკები დღესაც არის შემორჩენილი და როგორც აცხადებენ, სწორედ ფრესკების გამო ტაძარი იუნესკოს ძეგლების სიაშია შეტანილი.
კულტურის სამინისტროს ეგიდით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა უკვე რამდენიმე შეკრება გამართა და ადგილზე მოინახულა თბილისში 5 ეკლესია. სურბნიშენის ეკლესია აკოფიანის ქუჩაზე, მოღნისის ეკლესია ახოსპირელის ქუჩაზე, ნორაშენის ეკლესია, კოტე აფხაზის ქუჩაზე, სურბ მინასის ეკლესია გელათის ქუჩაზე, სურბ შამქორის ეკლესია ფერისცვალების ქუჩაზე. გამოიკვეთა არსებული პრობლემები და პირველი რიგის ჩასატარებელი ღონისძიებები.