ცხინვალი დიცთან მავთულხლართების აღებას არ აპირებს

ცხინვალი დიცთან მავთულხლართების აღებას არ აპირებს

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, შეხვედრაზე ქართული მხარე აპირებს, მწვავედ დააყენოს ბოლო 1 კვირის განმავლობაში დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი იმედოვნებს, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იქნება და შედეგს გამოიღებს.
ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლის, კახა ქემოკლიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა აქვს და ქართული მხარე არამარტო ახლადგადმოწეული საზღვრების, არამედ მთლიანად ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე გაბმული მავთულხლართების სრულ დემონტაჟს მოითხოვს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოსურმა მხარემ ქართველ სამართალდამცავებს გუშინ, სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან თვეების წინ გატაცებული სამშენებლო-სატრანასპორტო საშუალება გადმოსცა.

რაც შეეხება ოსურ მხარეს, მათი წარმომადგენლის, ხოხ გაგლოითის განცხადებით, ოსური მხარე საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს სამხრეთ ოსეთის საზღვრის ტერიტორიაზე ახორციელებს. როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, ამ მხრივ რაიმე ცვლილებები არ იგეგმება.

მისივე თქმით, მესაზღვრეები ამ სამუშაოებს ყოფილი ავტონომიური ოლქის რუკის მიხედვით ახორციელებენ.