მუსლიმთა სამმართველო იმედოვნებს, რომ სამთაწყაროში ლოცვის საშუალება მიეცემათ

მუსლიმთა სამმართველო იმედოვნებს, რომ სამთაწყაროში ლოცვის საშუალება მიეცემათ

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო იმედოვნებს, რომ დღეს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებს პარასკევის ლოცვის ჩატარების საშუალება მიეცემათ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მუფტის მოადგილემ ადამ შანთაძემ განაცხადა, მუსლიმთა სამმართველოს აქვს ინფორმაცია, რომ ცალკეული პირები გეგმავენ სამთაწყაროში მიმდინარე პროცესებში ჩართვას და ლოცვის ჩატარების ხელშეშლას.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეს ცალკეული პირები გეგმავენ სამთაწყაროში მიმდინარე პროცესების ჩართვას. სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებთ, რომ მათი მცდელობა ემსახურება არა პრობლემის მოგვარებას, არამედ დაძაბულობის ესკალაციას, რაც ჩვენ ნათლად დავინახეთ სოფელ ნიგვზიანის ცნობილი ინციდენტის მაგალითზე. მოვუწოდებთ სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობას არ აყვნენ პროვოკაციას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ მისცენ დაინტერესებულ ძალებს იმის საშუალება, რომ მათი რეალური პრობლემების ხარჯზე საკუთარი დივიდენდები მოიპოვონ. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო გამოიყენებს ყველა სამართლებრივ გზას რათა დაიცვას საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი მუსლიმის, მოცემულ შემთხვევაში, სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ეკომიგრანტი ქართველი მუსლიმების უფლებები, რაც შესაძლებელია მხოლოდ დიალოგისა და ურთიერთპატივისცემით", - განაცხადა საქართველოს მუფტის მოადგილემ.

მისივე თქმით, სამთაწყაროს მუსლიმებს წინა პარასკევს ლოცვის ჩატარების საშუალება არ მიეცათ.

"გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის არსებული გაუგებრობის გამო. მოგეხსენებათ, გასულ პარასკევს გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგობის შედეგად მუსლიმებს არ მიეცათ პარასკევის ლოცვის შესაძლებლობა. საკითხთან დაკავშირებით, მე, გუშინ ჩვენი სამმართველოს რეგიონალურ წარმომადგენელთან ერთად ვიყავი სოფელ სამთაწყაროში, სადაც შევხვდით მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც წინააღმდეგობას უწევს მუსლიმებს სპეციალურად გამოყოფილ სახლში შეასრულონ პარასკევის ლოცვა, რომელიც მუსლიმური წესების მიხედვით უნდა შესრულდეს ჯგუფურად და რომლის შესრულებაც ინდივიდუალურად ოჯახებში შეუძლებელია. ვაცხადებთ, რომ საქართველოში აღმსარებლობის თავისუფლება დაცულია ქვეყნის უმაღლესი კანონით, კონსტიტუციით და არავის აქვს უფლება წაართვას ვინმეს კანონით მინიჭებული უფლება. საქართველო ოდითგანვე იყო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანა და ისტორიის მანძილზე ერთხელაც არ ყოფილა დაპირისპირება ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე. ვიმედოვნებ, რომ დიალოგის გზით შესაძლებელია ნებისმიერი უთანხმოების მოგვარება და ქვეყანაში ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება", - განაცხადა ადამ შანთაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი ლოცვა სოფელ სამთაწყაროში 13:30 წუთზე არის დაგეგმილი.