სტამბულში ქართველი ქალი, სავარაუდოდ, ადგილობრივმა ქურთებმა გაიტაცეს

სტამბულში ქართველი ქალი, სავარაუდოდ, ადგილობრივმა ქურთებმა გაიტაცეს

სტამბულში ახალგაზრდა ქართველი ქალი, სავარაუდოდ, ადგილობრივმა ქურთებმა გაიტაცეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გატაცებულის მეუღლემ აცნობა. მისივე ინფორმაციით, მეუღლე ერთ-ერთ თურქულ ოჯახში მესამე წელია, მოხუცს უვლის, თავადაც თურქეთში 6 წელია მუშაობს.

მეუღლე ვარაუდობს, რომ გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით მოხდა. ამასთან, გატაცება ხელფასის აღების დღეს, 29 მაისს დაემთხვა.

გარდა ამისა, მისივე ცნობით, გატაცების საქმში შესაძლოა, ჩართული იყოს ვინმე "ბათუმელი ნანა", რომელიც მის მეუღლეს დასაქმებაში დაეხმარა.

"მან ჩემ დას ურჩია, ამ საქმეში არ გარეულიყო, თორემ მის ბედს გაიზიარებდა. უცნობი ტელეფონით მირეკავენ და მეუღლის ტირილს მასმენინებენ",-აღნიშნა გატაცებულის მეუღლემ, რომლის თქმითაც, პოლიციაში მეუღლის გატაცების შესახებ განცხადება უყურადღებოდ დატოვეს, ხოლო საკონსულოსთან დაკავშირებას ჯერ ვერ ახერხებს.

ოჯახი წარმოშობით აჭარიდან არის და ორი შვილი ჰყვათ. გატაცებულის მეუღლე ქართულ მხარეს დახმარებას სთხოვს.