პარლამენტმა პრეზიდენტის ორივე ვეტო დაძლია

პარლამენტმა პრეზიდენტის ორივე ვეტო დაძლია

პარლამენტმა პრეზიდენტის ორივე ვეტო დაძლია. "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტი 92 ხმით 24-ის წინააღმდეგ დაიძლია, ხოლო "სამოქალაქო კოდექსი" - 92 ხმით 22-ის წინააღმდეგ. კანონპროექტები მიღებულია თავდაპირველი ვარიანტით და არ არის გათვალისწინებული პრეზიდენტის შენიშვნები.

პარლამენტის მიერ "სამოქალაქო კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით შესაძლებელი ხდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის სამართლებრივი ფორმის შეცვლა და მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაქმნა. აღნიშნული ინიციატივით პარლამენტს თავის დროზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმართა. პრეზიდენტმა აღნიშნულ ინიციატივაში უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობის შელახვის საფრთხე დაინახა, რის გამოც მან ვეტოს უფლება გამოიყენა.

რაც შეეხება "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, საქმე დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს ეხება, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლო 30-45 დღიანი ვადით იზღუდება, თუკი ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, სადავო კანონის მოქმედებას შეაჩერებს.

კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, თუ სასამართლო სადავო ნორმის მოქმედებას შეაჩერებს, მაშინ მან საქმეზე მსჯელობა 30 დღის ვადაში უნდა დაასრულოს. დამატებით მას 15 დღიანი ვადაც ეძლევა, ხოლო თუ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას აღნიშნულ ვადებში ვერ ან არ მიიღებს, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება ძალას მისი მიღებიდან 31-ე კალენდარულ დღეს დაკარგავს.

პრეზიდენტის შეფასებით, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებული ეს ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებებს ზღუდავს და ზიანს აყენებს სხვადასხვა ტიპის სუბიექტთა უფლებებსაც. მან პარლამენტს შესთავაზა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის შეჩერების შემთხვევაში, საკითხის განხილვის ვადად ექვსი თვე განსაზღვრულიყო.