ხელისუფლებამ საკუთრების საკითხზე პროკურატურაში შეტანილ საჩივრებზე შესაძლოა, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს

ხელისუფლებამ საკუთრების საკითხზე პროკურატურაში შეტანილ საჩივრებზე შესაძლოა, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს

საქართველოს ხელისუფლებამ მთავარ პროკურატურაში საკუთრების საკითხზე შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით შესაძლოა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "კავკასიასთან" საუბარში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, საჩივრების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათი კლასიკური – სასამართლოს გზით გადაჭრა "უსაშველო გახდება". "მთავარ პროკურატურაში უამრავი განცხადებაა შესული, უამრავი დაზარალებულია. ხშირად ერთი და იგივე ქონებაზე რამდენიმე ადამიანს აქვს პრეტენზია. არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღოთ, რადგან კლასიკური გზით და ეს გზა გახლავთ სასამართლო, მათი განხილვა თითქმის უსაშველო იქნება. როდის მოერევა ამდენ საქმეს სასამართლო?!", - განაცხადა ივანიშვილმა, თუმცა, რა სახის პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული, არ დაუკონკრეტებია.

მისივე თქმით, საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხი პირადად მისთვის ყველაზე დიდი და გამოუვალი პრობლემაა. "პრობლემები ბევრია, მაგრამ ესაა ყველაზე რთული და ყველაზე გამოუვალი ჩემთვის. ვეძებთ გამოსავალს. იმაზეც კი ვფიქრობდით, რომ სახელმწიფოს აეღო თავის თავზე, მაგრამ 7 მილიარდზეა საუბარი, 7 მილიარდი კი ჩვენი ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტია", - აღნიშნა პრემიერმა.