სვანეთის საგანძურზე “პოსტსკრიპტუმში“ გასული სიუჟეტის პასუხი

სვანეთის საგანძურზე “პოსტსკრიპტუმში“ გასული სიუჟეტის პასუხი

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ზე, გადაცემა “პოსტსკრიპტუმში“, 20 ნოემბერს 21 საათზე გასული 8-წუთიანი სიუჟეტი (რომლის ავტორი გიორგი გვიშიანი გახლდათ) მესტიაში არსებულ საგანძურთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, იყო ნახევრად მართალი, ანუ ნახევრად ობიექტური. თუ რატომ - შევეცდები ფაქტებით დავასაბუთო.

“სვანეთში მიმდინარე მშენებლობის ფონზე, მუზეუმის გარშემო, არც თუ მარტივი ვითარება შეიქმნა. მავანთა განცხადებით, იქ შენახულ სიწმინდეებსა და უნიკალურ ექსპონატებს საფრთხე შეექმნა“, - ასეთი შესავალი გაუკეთა ვრცელ სიუჟეტს “პოსკრიპტუმის“ ავტორმა და წამყვანმა, დავით კიკალიშვილმა, რითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა არა მარტო იმ ადამიანებს (მათ შორის – ხელოვნებათმცოდნეებს, რესტავრატორებს), არამედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა სვანეთში დაცულ საგანძურზე 13 ნოემბერს, წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებაში ასეთ რამ თქვა:

“ძალიან არასასურველი მდგომარეობაა ზემო სვანეთში. ზემო სვანეთში, როგორც უვარგისი შენობა, დაანგრიეს ყოფილი მუზეუმი და ეს ძვირფასი ხატები და ნივთები, რომელსაც ინახავდა ქართველი ხალხი, ჩაკეტილია სპეციალურად გაკეთებულ სათავსოებში.

ეს იმდენად მოუხერხებელი და საშიშია, რომ შეიძლება ყინვამ, თოვლმა და თოვლჭყაპმა დააზიანოს ეს ხატები და ერთადერთი გამოსავალია, რომ ეს ხატები იყოს დალაგებული წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში იქნება იქამდე, სანამ აშენდება კარგი მუზეუმი, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველაფერი და საშიშ მდგომარეობაში არ იქნება.

ეს საკითხი თითქოს უკვე წყდებოდა, მაგრამ დღემდე არ არის გადაწყვეტილი და ჩამოდიან სვანები, თბილისში, აწუხებენ ჩვენს ხელისუფლებას, ჩემთან მოდიან და არასასიამოვნო, სულ უბრალო საკითხზე ასეთი არასასიამოვნო და მიუღებელი მსჯელობა და კამათია. ჩვენ ხომ შეგვიძლია გავუგოთ ერთმანეთს?! ჩვენ უნდა აუცილებლად გვესმოდეს ერთმანეთის“.

პატრიარქის განცხადება ცენტრალურ ტელეარხებს არ გაუშუქებიათ. გადაცემა “პოსტსკრიპტუმში, არც მის წამყვანსა და ვრცელი სიუჟეტის ავტორს დასცდენიათ რაიმე მისი უწმინდესობის განცხადებაზე და არც იმაზე, რომ 18 ნოემბერს, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, თბილისის აეროპორტში, პატრიარქის მოსკოვში გამგზავრების წინ, საპატრიარქოს სახელით სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელიც ყველა ტელევიზიის კამერამ გადაიღო, მაგრამ ცენტრალურმა არხებმა რასაკვირველია, არც ეს განცხადება გააშუქეს.

საპატრიარქომ ხელისუფლებას შეახსენა ის, რომ მესტიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას თმობს საცავად, სადაც სიწმინდეები ახალი მუზეუმის აშენებამდე იქნება დაბინავებული. ამასთან, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ თქვა ისიც, რომ თუ ხელისუფლება მესტიაში მონახავს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაზე უკეთეს შენობას, საპატრიარქო საგანძურის იქ გადატანის წინააღმდეგი არ იქნება, “მაგრამ აუცილებელია, რომ საპატრიარქოში შექმნილმა კომისიამ მონაწილეობა მიიღოს და ამ კომისიის ყურადღების და ზედამხედველობის ქვეშ მოხდეს ეს“.

“პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა ერთი პატარა ტყუილიც თქვა. მან სიუჟეტის ავტორს მიმართა: “როგორც ვიცი, გიორგი, შენ ექსკლუზიურად ჩვენ, მუზეუმის ახალ პროექტსაც წარმოგვიდგენ“. ახლა, სად - “რუსთავი 2“ და სად - “ობიექტივი“, “მაესტრო“ და presage.tv; სად ჩვენ და სად თქვენ, ბატონებო, მაგრამ შეგახსენებთ, რომ “პოსტსკრიპტუმის“ ეთერში გასვლამდე ახალი მუზეუმის პროექტი, ბრტყელი გადახურვით, თავზე ხეებითა და ბუჩქებით, პირველად სწორედ ჩემს მიერ ჩამოთვლილი მედიასაშუალებებით ნახა მკითხველმა, მაყურებელმა და თან არაერთხელ.

ახალი მუზეუმის პროექტი მესტიაში პირველად სტუმრობის შემდეგ (28 აგვისტოს) ჩამოვიტანე. პროექტის ფოტოების გადაღების უფლება სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის კონსერვატორმა, რუსუდან ქოჩქიანმა მომცა. ეს ფოტოები სწორედ მე მივაწოდე ზემოხსენებულ მედიასაშუალებებს.

სიუჟეტის ავტორი, გიორგი გვიშიანი დაწვრილებით გვიხსნიდა, სად რა იქნება ახალ მუზეუმში. ამ სიუჟეტიდან გავიგეთ, რომ ახალი მუზეუმის აშენება 2012 წლის ზაფხულში დასრულდება. რამდენად მისაღებია ბრტყელი გადახურვა სვანეთში, სადაც რამდენიმე მეტრის სიმაღლის თოვლი მოდის და ზამთარი დანარჩენ საქართველოზე უფრო ხანგრძლივია, ეს საუბრის ცალკე თემაა.

“მესტიის მუზეუმის დემონტაჟი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გაირკვა, რომ ოთხმოციან წლებში სილიკატური აგურით ნაგებ შენობას კედლები უნესტიანდებოდა. სწორედ ამის გამო, საგამოფენო დარბაზებში სტაბილური კლიმატისა და ტენიანობის შენარჩუნება შეუძლებელი იყო. მუზეუმში დაცულ უნიკალურ კოლექციას საფრთხე ექმნებოდა“, - ამბობს გიორგი გვიშიანი. ამ მოსაზრებას იქვე ასაბუთებს ახალი მუზეუმის პროექტის ავტორი, არქიტექტორი გაგა კიკნაძე, რომელიც ძველი მუზეუმის პროექტის ავტორის, რამაზ კიკნაძის შვილია.

“რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ან არავინ უთხრა, ან უთხრა და სიუჟეტში  არ გამოიყენა ის კომენტარი, რომლის თანახმად, ძველი მუზეუმის ადგილას ახლის აშენების იდეა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

ჩვენს კითხვაზე - ვისი გადაწყვეტილება იყო ძველი შენობის ნაცვლად ახლის აშენება? –28 აგვისტოს ჩაწერილ ინტერვიუში რუსუდან ქოჩქიანმა ასეთი პასუხი გასცა:

“პირადად პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო და რაკი ამდენი ხარვეზი ჰქონდა შენობას, ეს შესამჩნევი იყო, ძალიან ცუდი განათება იყო, ექსპონატები სათანადოდ არ აღიქმებოდა და პრეზიდენტი დაგვპირდა დახმარებას - რაც დაგვჭირდებოდა ყველაფერს გააკეთებდა, რომ სვანეთს ჰქონოდა ძალიან კარგი, თანამედროვე სტანდარტების მუზეუმი“.

თანამედროვე სტანდარტების მუზეუმის აშენების წინააღმდეგი არ შეიძლება იყოს ნებისმიერი ჭკუათმყოფელი, მაგრამ მუზეუმის შენობას სახურავს არ ხდიან მაშინ, როცა ექსპონატები იქიდან გატანილი არ არის. სწორედ ასე მოხდა სვანეთის მუზეუმის შემთხვევაში, მიმდინარე წლის მაისში.

“რუსთავი 2“-ზე გასული სიუჟეტის ავტორი დამაჯერებელი ხმით ცდილობს მაყურებლის იმაში დარწმუნებას, რომ “რესკონსტრუქციის გადაწყვეტილების მიღებისთანავე მუზეუმში კოლექციის ევაკუაცია დაიწყო“. ამ სიუჟეტში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ შენობას სახურავი ისე გადახადეს, რომ “ევაკუაცია“ დაწყებული არ გახლდათ.

მუზეუმის შენობაზე სამუშაოებს კომპანია “ზიმო“ აწარმოებს, რომლის სამუშაოთა მწარმოებელს, შმაგი სეხნიაშვილს მესტიაში ყოფნისას 4 ოქტომბერს შევხვდი და ვესაუბრე. მაშინ მან თქვა, რომ ახალი მუზეუმის შენობას 23 ნოემბრისთვის ჩააბარებდნენ. სწორედ “ზიმოს“ წარმომადგენელმა მითხრა, რომ 2011 წლის მაისში, მაშინ, როცა სიწმიდნეები და სხვა ნივთები მუზეუმში იყო, შენობას სახურავი გადახადეს და ეს მოხდა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, ნინო კიტოვანის ბრძანებით.

ჩემს კითხვაზე - ბატონო შმაგი, ნინო კიტოვანი ამბობს, რომ თქვენ გადახადეთ მუზეუმს სახურავი, მაშინ, როცა ექსპონატები ჯერ კიდევ შიგნით იყო და წყალი ჩამოდიოდა; მართლა ასე იყო? – კომპანია “ზიმოს“ წარმომადგენლმა ასეთი პასუხი გამცა:

“მართლა ასე იყო, ოღონდ, ქალბატონი ნინოს ბრძანებით გადავხადეთ. საერთოდ არ ვკიდებდით მაგას ხელს, ვაგონები ამოტანილი, გამზადებული გვქონდა. მერე მაგან ეს ვაგონები არ მომწონსო, ისაო, ესაო. რა ვიცი, ერთი თვე იმაზე გავჩერდით, სანამ შეფუთეს. მერე რომ შეფუთეს, თუ ხართ მუზეუმში ნამყოფი, საცავში გადაიტანეს და ახლა, კონტეინერების ხით დახურვა მოითხოვეს. მერე გადახადეთო და გადავხადეთ, ცალი მხარე. წყალი ჩამოდიოდა, მაგრამ, როგორც ასეთი ექსპონატებს არ შეხებია“.

“პოსტსკრიპტუმი“ ცდილობდა დავერწმუნებინეთ იმაშიც, რომ სიწმიდნეები სათანადოდ, სპეციალურად გერმანიიდან, რესტავრატორ დარეჯან გოგაშვილის მიერ გამოწერილ ქაღალდებშია შეფუთული. სხვათა შორის, ეს ის დარეჯან გოგაშვილია, რომელიც ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის წევრია. 1-3 ნოემბერს მესტიაში ყოფნისას, დარეჯან გოგაშვილი საგანძურის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში გადატანას დაეთანხმა!

“რუსთავი 2“-ზე გასულ სიუჟეტში არაფერია იმაზე ნათქვამი, რომ ეს “სასწაულმოქმედი“ ქაღალდები, თან – გერმანიიდან სპეციალურად გამოწერილი, ექსპონატებს იცავს ვიბრაციისგან. ამის შესახებ ეროვნული მუზეუმის მიერ შექმნილი კომისიის შუალედურ დასკვნაშიც წერია (კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე შეგიძლიათ ამის წაკითხვა), რომ აღარაფერი ვთქვათ ამ თემაზე მომზადებულ სტატიებზე.

მივყვეთ “პოსკრიპტუმის“ სიუჟეტს - ავტორი ამბობს, რომ “მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 12 000-ზე მეტი ექსპონატი ინახება“. არადა, ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში მუზეუმის კონსერვატორი ამბობს, რომ მუზეუმში 200 000-ზე მეტი ექსპონატია შენახული!

სიუჟეტის ერთ-ერთი გმირი, თემურ შარიქაძე მაყურებელს უხსნიდა, რომ კონტეინერებში საგანძურისა და სხვა ნივთების გადატანა იმით იყო განპირობებული, რომ მოსახლეობა შიშობდა, საგანძური მესტიის გარეთ არ გაეტანათ. დიახ, ამის შესახებ მეც მითხრეს და ეს გამოვაქვეყნე კიდეც, მაგრამ ამ სიუჟეტის ავტორს არ უცდია (შეიძლება სცადა, მაგრამ მას ამის სიუჟეტში ჩასმის საშუალება არ მისცეს) და არც რომელიმე რესპონდენტს  უთქვამს რაიმე ამ ყბადაღებული ე.წ. კონტეინერის “ღირსებების“ შესახებ, რომელიც რეალურად ლითონის თხელ ფირფიტებს შორის მოქცეული ე.წ. ზღვის ქაფისგან შედგება, ჩინური წარმოებისაა და დამზადებულია გვანდუნის პროვინციაში, ჭუნგშანის ქარხანაში.

“ზაფხულში, როდესაც ექსპონატები კონტეინერებში გადაიტანეს, მათი დაზიანების საფრთხეზე არავინ საუბრობდა. აჟიოტაჟი ამ თემაზე ნოემბრის დასაწყისში, სვანეთში კლიმატური პირობების გაუარესებისას დაიწყო“, - ამბობს სიუჟეტის ავტორი.

ბატონო გიორგი, არ ვიცი რას გულისხმობთ აჟიოტაჟში, მაგრამ საგანძურის უსაფრთხო ადგილას გადატანის შესახებ საუბარი და გარკვეული ქმედებები სექტემბრიდან დღემდე მიმდინარეობს. შეგიძლიათ 1 სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე ინტერნეტში მოიძიოთ შესაბამისი სტატიები (მათ შორის ჩემი მომზადებული), წაიკითხოთ გაზეთები: “ახალი თაობა“, “ალია“, “რეზონანსი“; ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერში უყუროთ 29 სექტემბერს გასულ სიუჟეტს, ამ თემასთან დაკავშირებით... ამ ყველაფრის მოძიება თუ გაგიჭირდებათ, მზად ვარ შეგხვდეთ და ეს მასალები გადმოგცეთ.

რაც შეეხება სიუჟეტის იმ ნაწილს, რომელიც ჩემი აზრით სიმართლესთან ახლოსაა - ამის ერთ-ერთი მაგალითია მამა ბესარიონის (მენაბდე) კომენტარი. მან ძალიან მოკლედ და მკაფიოდ ჩამოაყალიბა საპატრიარქოს პოზიცია, რაზეც აღარ შევჩერდები, რადგან სტატიის პირველ ნაწილში, პატრიარქის განცხადებაში ეს პოზიცია გარკვევით და ვრცლადაა გადმოცემული.

სიუჟეტის ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას ისიც, რომ მან ახსენა უშგულის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც კონტეინერებთან ახლოს მიმდინარეობს, ოღონდ გიორგი გვიშიანმა ეს ძალიან მსუბუქი ფორმით გააკეთა. მას არაფერი უთქვამს იმაზე თუ როგორ ყრიდნენ ორმოში ქვის ლოდებს და როგორი ვიბრაცია შეიძლება იყო ამ დროს, კონტეინერებიდან სულ რაღაც 15-20 მეტრში.

ამ ფაქტის ირგვლივ ჟურნალისტს არაფერი უთხრეს, მაგრამ 4 ოქტომბრიდან მოყოლებული ამაზე არაერთხელ ითქვა, დაიწერა და გადაიცა სატელევიზიო სიუჟეტები, ოღონდ არა ცენტრალური ტელეარხებით.

სხვათა შორის, “ობიექტივმა“ 19 ნოემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ში, სპეციალურად “პოსტსკრიპტუმის“ სიუჟეტისთვის მიიტანა და დატოვა დისკი, რომელზეც ვიდეომასალასთან ერთად ის ფოტოებიც იყო ჩაწერილი, რომელზეც კარგად ჩანს როგორ ცლიან ე.წ. კონტეინერების უკან უზარმაზარ ქვის ლოდებს, დიდი სატვირთო მანქანებიდან. სანამ ტელეკომპანიაში მასალას წავიღებდით, “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ამის შესახებ გამოვაცხადეთ და იქიდან დაბრუნების შემდეგ ვებგვერდზე პატარა სტატიაც დაიდო, სადაც დისკის მიტანის და გადაცემის პროცესი იყო აღწერილი.

გიორგი გვიშიანს “ობიექტივის“ მიერ მიტანილი მასალა თავის სიუჟეტში არ გამოუყენებია. მან გაკვრით აჩვენა ის “კაპიტალური შენობა“, რომელშიც აპირებენ საგანძურის და სხვა ნივთების გადატანას.

ბატონო გიორგი, მესტიაში იყავით ჩასული და კაგრი იქნებოდა შესულიყავით და მაყურებლისთვის შიგნიდან გეჩვენებინათ, რა მდგომარეობაშია „კაპიტალურად“ წოდებული შენობა. შესაძლოა ამის გაკეთება გულით გინდოდათ, მაგრამ ამის ჩვენების საშუალება არავინ მოგცათ. თუ ასეა, გულწრფელად თანაგიგრძნობთ.

ამ შენობის ჩვენების შემდეგ ისევ მამა ბესარიონიოს კომენტარი გავიდა ეთერში: “რამდენიმე ვარიანტი იქნა განხილული. ვნახეთ ადგილზევე და არც ერთმა არ დააკმაყოფილა ის პირობები, რომელიც სჭირდება ამ უდიდესი, შეუფასებელი საგანძურის დაცვას. ერთადერთი, რაზეც შეჩერდა ჩვენი, ყველას ყურადღება, ეს არის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია“.

სიუჟეტი ისეა აწყობილი, რომ მაყურებელს დარჩება შთაბეჭდილება, თითქოს მამა ბესარიონმა და მასთან ერთად კომისიის სხვა წევრებმა მესტიაში ყოფნისას ნახეს ზემოხსენებული “კაპიტალური შენობა“. ეს არის ტყუილი! მუსიკალური სკოლის ეს შენობა, რომელიც ამორტიზირებულია, აეროპორტის გზაზე მდებარეობს და ის კულტურის მინისტრის მოადგილემ, დავით ქირიამ შეარჩია, 7 ნოემბერს, მესტიაში ყოფნისას.

“წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას მუზეუმის თანამშრომლები რამდენიმე მიზეზის გამო იწუნებენ. მათი აზრით, მაღალი გუმბათის გამო, ტაძარში კლიმატისა და ტენიანობის გაკონტროლება გაჭირდება. ამასთან ნაგებობა მუზეუმის ექსპონატებს სრულად ვერ დაიტევს“, - ამბობს გიორგი გვიშიანი და მის ამ განცხადებას მოსდევს ეროვნული მუზეუმის კოლექციების (ფონდები) დაცვა-აღრიცხვის და მართვის სამსახურის მენეჯერის, თემურ შარიქაძის კომენტარი, რომელიც მესტიაში, როგორც ეროვნული მუზეუმის კომისიის წევრი, 1-3 ნოემბერს იმყოფებოდა.

“ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, გადავიდეს ტაძარში, მაგრამ ერთი პირობა არის -კოლექციების გაყოფა არ არის მიზანშეწონილი. არ შეიძლება. ამიტომ გვინდა შევარჩიოთ ისეთი ნაგებობა, რომელიც კლიმატკონტროლს, დაცვის პირობებს, ტემპერატურულ რეჟიმს, ტენიანობას, ყველაფერს უზრუნველყოფს და მასალები იქნება ერთად თავმოყრილი“, - ამბობს თემურ შარიქაძე, რომელმაც ნებსით თუ უნებლიეთ მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა.

ბატონო თემურ, თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ კოლექციების გაყოფა შეუძლებელია. იქნებ ბრძანოთ მაშინ რატომ არის კოლექციები გაყოფილი ამჟამად?! იქნებ უთხრათ საზოგადოებას რა არის შენახული მუზეუმის უკან მდებარე სახლის ფარდულში, რომლის კარი პირდაპირ გზაზე გამოდის?! იქნებ ისიც აგვიხსნათ რას ინახავენ მუზეუმის ეზოში, ე.წ. გარაჟში?! იქნებ ხალხს აუხსნათ როგორ დაეტია ის მასალა შვიდ კონტეინერში, რომელიც მუზეუმის უზარმაზარ შენობაში იყო გაშლილი?! მე მუზეუმში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვისაც იქ გამოფენილი ექსპონატები ნანახი აქვთ, კითხულობენ სად არის “მუზეუმში განძთან ერთად დაცული მამაპაპური კერია, მაგიდა, ძველი კევრი, ეკლესიის კარები და ბევრი სხვა დიდი გაბარიტის მქონე ნივთი“?

თემურ შარიქაძე “პოსტსკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტში გვარწმუნებს, რომ მუშაობა ერთი მიმართულებით არ მიმდინარეობს - “ორ ფრონტზე არის, ტაძარი და მუსიკალური სკოლა, ორსართულიანი ნაგებობა. რომელიც იქნება უკეთესი, ჩვენ მას დავუჭერთ მხარს“.  ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო, სწორედ ამაზეა ნათქვამი. ცენტრალური არხებით 15 ნოემბერს გასულ სიუჟეტებში გვაჩვენებს, რომ მუზეუმის კოლექციის გადასატანად სწორედ მუსიკალური სკოლის შენობას ამზადებენ.

თუ ჩემს მიერ მომზადებულ ერთგვარ საპასუხო წერილში ემოციების სიჭარბე შეინიშნება, ამის გამო მკითხველს ბოდიშს ვუხდი და აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თითოეულ სიტყვაზე პასუხს  ვაგებ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 18 ნოემბერს მთავარ პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე ერთ-ერთი ხელმომწერი გახლავართ და მტკიცებულებები, რომელსაც პროკურატურას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ, ჩემს მიერ მესტიიდან ჩამოტანილი მასალისგან იქნება შემდგარი.