გიგი უგულავა:   გამოძიება არ ინტერესდება, რატომ იყო 26 მაისის აქციაზე

გიგი უგულავა: გამოძიება არ ინტერესდება, რატომ იყო 26 მაისის აქციაზე "მოლოტოვის კოქტეილები"

თბილისის მერი ვანო მერაბიშვილის საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს დღევანდელი პროცესის შემდეგ განუცხადა, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანისთვის მეორედ წინასწარი პატიმრობის შეფარდება ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია. 

"თუმცა პრობლემას უფრო სხვა რამეში ვხედავ. მართალია პროკურორი ბრალდებას სხაპასხუპით კითხულობდა, მაგრამ შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ გამოძიება საერთოდ არ ინტერესდება იმ პროცესებით, რამაც 2011 წლის 26 მაისს მთავრობა უკანონო აქციის დაშლამდე მიიყვანა. ბრალდებაც აღიარებს იმას, რომ ეს იყო უკანონო აქცია, თუმცა გამოძიება არ ინტერესდება, რატომ იყო იქ "მოლოტოვის კოქტეილები". არ იძიებს, არის თუ არა ავთენტური ყველა ის ოპერატიული მასალა, რომელიც აქციის დაშლამდე გავრცელდა", - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, საზოგადოებამ კარგად ნახა ის ოპერატიული მასალა, რომელშიც საუბარია სხვადასხვა ზონდერ ჯგუფების შექმნაზე, ასევე, ყველასთვის ცნობილია ნინო ბურჯანაძისა და მისი ვაჟის "ოცნება გრუს სპეცრაზმის შემოყვანაზე". "გამოძიება არ ინტერესდება, იყო თუ არა ავთენტური ეს მასალა, იყო თუ არა კანონიერი და უკავშირდებოდა თუ არა ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების გეგმას", – განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის მერის შეფასებით, მიმდინარეობს ცალმხრივი გამოძიება, რაც აბსურდულია. თბილისის მერს აინტერესებს, რატომ არ იძიებს პროკურატორა პოლიციელ ვლადიმერ მასურაშვილის მკვლელობის საქმეს, როდესაც ის ადამიანი, რომელსაც მასურაშვილის მკვლელობაში დაედო მსჯავრი, პოლიტპატიმარია. "სახეზეა ტიპური სელექციური მართლმსაჯულება. მერაბიშვილი კი ივანიშვილის პირადი პატიმარია. მთავრობა საკმაოდ მავნე ტენდენციას ამკვიდრებს, რაც ქვეყანას დიდი პრობლემების წინაში დააყენებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაფიქრდნენ, რას აკეთებენ", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე დღეს კიდევ ერთი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.