ბიძინა ივანიშვილი:  გაჩვენებთ, რომ ტერიტორიებს დავიბრუნებთ

ბიძინა ივანიშვილი: გაჩვენებთ, რომ ტერიტორიებს დავიბრუნებთ

გაჩვენებთ, რომ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში, ერთ-ერთი მაყურებლის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც ახალი ხელისუფლება რუსეთთან "რბილი რიტორიკის" გამო გააკრიტიკა და მოსკოვთან დათმობებში დაადანაშაულა.

"რა დავუთმეთ ჩვენ რუსეთს?! არაფერი გვაქვს დასათმობი და არც არაფრის დათმობას ვაპირებთ. რაც შეეხება რიტორიკას, რა მივიღეთ იმ რიტორიკით, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ხომ ნახეთ?! ახლა ისე აბრუნებენ ყველაფერს, თითქოს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ. რადგან რუსეთთან დიპლომატიური საუბარი დავიწყეთ, "ნაციონალური მოძრაობა" ცემს ყიჟინას, თითქოს რამეს ვაჩუქებთ. ტერიტორიები უკვე გააჩუქეს მათ და ჩვენ დაბრუნებაზე ვზრუნავთ. გაჩვენებთ, რომ დავიბრუნებთ. ცოტა დაელოდეთ და რამდენიმე წელიწადში ყველაფერს აღვადგენთ",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, მან ქვეყანაში სხვა საკითხებზეც, მათ შორის ეკონომიკური განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ძირითადი საზრუნავი ეკონომიკა და ქარხნებია. "წლის ბოლომდე უნდა მოვახერხოთ და მინიმუმ 60 ქარხანა უნდა გვქონდეს", - აღნიშნა პრემიერმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი საპატიმროებში სამედიცინო კუთხით არსებულ მდგომარეობასაც შეეხო და განაცხადა, რომ მთავრობა "ც" ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და ამ პროგრამის განხორციელებას უშუალოდ ციხეებიდან შეუდგება.