აფხაზები რუსეთთან შეერთების წინააღმდეგნი არიან. ამგვარი შედეგი აჩვენა გამოკითხვამ, რომელიც პრაღის საინფორმაციო სააგენტომ „მედიუმ ორიენტ“–მა აფხაზეთში სექტემბერში ჩაატარა.
სააგენტომ სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და ეროვნების, 345 ადამიანი, მათ შორის ქართველები გამოკითხა. აფხაზეთის სტატუსის შესახებ კითხვაზე უმეტესობამ, 73%-მა, აფხაზეთის სრულ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, ცალკე რესპუბლიკად რუსეთთან შეერთების მომხრე კი 24,6%-ია. საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას გამოკითხულთა 0,6%, ძირითადად ქართველები უჭერენ მხარს.
სრული დამოუკიდებლობის მომხრეთა უმეტესობა აფხაზები არიან. სხვა ეროვნების რესპოდენტებმა კი ამ მისწრაფებას ნაკლებად დაუჭირეს მხარი. ამასთან, გამოკითხულთა 97%-ს მიაჩნია, რომ აფხაზეთმა ურთიერთობა პირველ რიგში რუსეთთან უნდა განავითაროს. 58,7%-მა კი ამ ჩამონათვალში ევროკავშირის ქვეყნებიც დაასახელა.
ოკუპირებულ რეგიონში არსებულ განწყობებზე კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვესაუბრებით:
მამუკა არეშიძე: სოხუმსა და ცხინვალს შორის მთავარი განსხვავება სწორედ ამაშია, რომ ოსური მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთთან შეერთებას მხარს უჭერს. საკითხს უფრო დეტალურად თუ მივუდგებით, ოსური ორიენტაცია რუსეთზე ისეთივე ტრადიციულია, როგორც სომხური. დანარჩენი კავკასიელების ორიენტაცია მიზანშეწონილობიდან გამომდინარეობს.
მაგალითად ვაინახებს, ჩეჩნებს და ინგუშებს, რუსეთის მიმართ საკმაოდ მძიმე დამოკიდებულება აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის იდეა იქ ლამის ბოლომდე ჩაკლეს. რუსებმა ჩეჩნეთი კარგა ხანია დატოვეს და ახლა ინგუშეთსაც ტოვებენ. იგივე სიტუაციაა დაღესტანში, ყარაჩაევო–ჩერქეზეთში და ლამის მთელ ჩრდიოლოეთ კავკასიაში.
საყოფაცხოვრებო დონეზე მოსკოვის მიმართ დამოკიდებულება აფხაზეთშიც ყველასთვის კარგად ნაცნობია. რუსი ტურისტების შეუარაცხყოფის, გაძარცვის და ცემის ფაქტებით საინფორმაციო საშუალებები აჭრელებულია. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ აფხაზები მასობრივად ყაჩაღები და ქურდები არიან. თვითონ რუსების მიმართ კავკასიაში გართულებული საყოფაცხოვრებო დამოკიდებულებაა.
კავკასიელების რუსებისადმი დამოკიდებულების ფორმულა დაახლოებით ასეთია – თქვენი ფული გვინდა, მაგრამ თქვენ არ გვინდიხართ. სხვათაშორის აპელირება ყოველთვის ისტორიულ წარსულზე კეთდება, როდესაც რუსეთის იმპერიამ კავკასიური ტომები ცეცხლით და მახვილით დაიპყრო.
ფორმულას „თქვენი ფული გვინდა, თქვენ არ გვინდიხართ“, მოსკოვში როგორ აღიქვამენ?
– მძიმედ აღიქვამენ. რუსული ნაციონალისტური მოძრაობის ტალღაზე უკვე გამოჩნდა ლოზუნგი – გვეყოფა კავკასიელების შენახვა! „ხვატიტ კარმიტ კავკაზ“, – ასეთი მოწოდებებით გამოდის რადიკალური დაჯგუფებების დიდი უმრავლესობა.
სხვადასხვა გამოკითხვით, რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 50%–60% თვლის, რომ რუსეთს კავკასია აღარ სჭირდება; რომ მოსკოვმა პრობლემური რეგიონი თავიდან უნდა მოიცილოს. რუსეთის სახელმწიფო ორგანოებშიც საკმაო აგრესიაა კავკასიელების მისამართით.
მაგალითად ამ დღეებში, რუსეთის შსს მინისტრმა ნურგალიევმა მუსულმანებთან დაკავშირებული მძიმე შინაარსის განცხადება გააკთა. საუბარი იყო კავკასიელ მუსულმანებზე, რომლების მოსკოვში ფეხს იკიდებენ და საკუთარი წესების დამკვიდრებას ცდილობენ. ასეთი ტიპის გამონათქვამი შს მინისტრის მხრიდან, ნაციონალისტურ ორგანიზაციებს მოქმედებისთვის დამატებით არგუმენტებს და საბაბს აძლევს.
რუსების და კავკასიელების დამოკიდებულების ძალიან კარგი მაგალითია ის რაც საფეხბურთო მატჩებზე ხდება. ნალჩიკში, მახაჩყალაში, გროზნოში ჩატარებულ მატჩებზე კარგად ჩანს, რა ტიპის ლოზუნგები გამოაქვთ. ასევე სახეზეა როგორ ექცევიან მაყურებლებს, რომლებიც მოსკოვის გუნდებს კავკასიაში მოჰყვებიან.
თავად აფხაზები რამდენად გრძნობენ, მათ შორის რუსი ჩინოვნიკების მხრიდან ნაციონალისტურ დამოკიდებულებას?
– ჯერჯერობით საბჭოთა მენტალიტეტი მოქმედებს – გავლენიანი ადამიანის ეროვნება ქრება, როდესაც საქმე კრიმინალთან გვაქვს. თუმცა, საინტერესო ფენომენია რუსული პასპორტით აღჭურვილი აფხაზი ფსოუს საზღვარზე. რუსი მესაზღვრის ხასიათიდან გამომდინარე ეს პასპორტი ან ლეგიტიმურია ან არ არის ასეთი. ამას რიგითი აფხაზები ძალიან კარგად გრძნობენ.
ასევე კრასნოდარის მხარეში რამდენიმე აფხაზი ახალგაზრდა ვიცი, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ ჰყავთ ციხეში გამომწყვდეული. ჩაითვალა, რომ ამ პასპორტით საზღვრის გადალახვის უფლება არ ჰქონდათ. საკითხს როგორც მოეპრიანებათ ისე წყვეტენ. როცა სჭირდებათ ეს დოკუმენტი ოფიციალურია და როცა არა, საუბარი სხვა ტონალობაში გრძელდება.
სხვათაშორის ამის გამოძახილია ის რაც რუსების მიმართ აფხაზეთში ხდება. ოთხი ათასამდე საჩივარი არსებობს რუსებისა, რომლებიც ჯერ კიდევ 40–იანი, 50–იანი წლებიდან აფხაზეთის მკვიდრნი იყვნენ. ომის დროს, შემდგომ პერიოდში სახლებიდან გამოყარეს და ბინებს აღარ უბრუნებენ.
ეს ოთხი ათასამდე საჩივარი სოხუმში რუსი „ელჩის“, გრიგორიევის კაბინეტში დევს და ვერაფერსაც ვერ უხერხებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხების მოგვარებისთვის რუსულ–აფხაზური კომისია შეიქმნა. 18 საქმეა მისული სასამართლომდე და აქედან მხოლოდ სამი დაკმაყოფილდა. დანარჩენი ყოველგვარი რეაგირების გარეშეა.
ასეთი დამოკიდებულება აფხაზეთში ძალიან ღრმად ფესვგადგმულია.
ჩეხების სოციოლოგიურ გამოკითხვაში ისიც გამოჩნდა, რომ არააფხაზური მოსახლეობას რუსეთთან შეერთება სურს. ასეთი განწყობა რაზე მიანიშნებს?
– არააფხაზური მოსახლების პოზიცია გასაგებია. მათში ძირითადად სომხები იგულისხმებიან. სომხები რუსების ძირძველი და ტრადიციული მოკავშირეები არიან კავკასიაში. რასაკვირველია, რუსეთის შემადგენლობაში თავს ბევრად კომფორტულად იგრძნობენ, ვიდრე აფხაზეთში. ისინი აფხაზეთში მეორეხარისხოვან ადამიანებად გრძნონენ თავს. ასეთ განწყობას სომხები არც მალავენ.
საერთოდ, აფხაზეთში მთელი საშუალო ბიზნესი სომხების ხელშია. ასეთი წესია, რომ ფირმის ხელმძღვანელი აფხაზია, კაპიტალი და თანამშრომლები სომხები არიან. ეს აფხაზებს აღიზიანებთ, რომლებიც ბიზნესის წარმოებაში მაინცდამაინც დიდი მოქნილობით არ გამოირჩევიან. ამის გამო აფხაზურ საზოგადოებას შინაგანი დაძაბულობა რასაკვირველია აქვს.
აფხაზური ტრიბუნიდან მოისმენთ, რომ სომხები ჩვენი ძმები არიან, ერთად დავიცავით კუთხე და ა.შ. საქმე საქმეზე რომ მიდგება, აფხაზებს საკუთარი თავის გარდა არავინ აინტერესებთ. მიუხედავ იმისა, რომ სოხუმის ხელისუფლებაში ქართველიც იყო, არის სომეხიც და ბერძენიც, ეს მხოლოდ ფასადური სიტუაციაა. სინამდვილეში აფხაზების აზრით, მხოლოდ ისინი არიან მიწა–წყლის პატრონნი და ამიტომ ყოველმხრივ დომინანტურ მდგომარეობაში უნდა იყვნენ.
სხვათაშორის, მთავარი რაც აფხაზებს დასავლურ ღირებულებებთან ინტეგრაციაში ხელს უშლით, არის ის რომ აფხაზური კონსტიტუციით მხოლოდ აფხაზს აქვს უფლება, პრეზიდენტი გახდეს. ძალიან კარგად იციან, რომ დასავლეთში ინტეგრაცია ასეთი აპარტეიდული ნორმით შეუძლებელი იქნება. ამიტომ ორჭოფულ მდგომარეობაში არიან. ეს ეხება დევნილების დაბრუნებას და ბევრ სხვა საკითხსაც.
ამასობაში, სომხები რაოდენობრივად ლამის ჭარბობენ აფხაზებს. იქაური სომხები, რუსები, ბერძნები ტრადიციულად მოსკოვზე არიან ორიენტირებულნი.
როგორი დამოკიდებულებაა აფხაზების მხრიდან რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე?
– შეურაცხყოფილად თვლიან თავს. მიიჩნევენ, რომ რუსეთთან ამ შეთანხმებით, ირიბად თუ პირდაპირ მათი უფლებები შეილახა. შვეიცარიული კერძო აუდიტის მიერ საბაჟოზე კონტეინერების გახსნას, შემოწმებას და ისევ დალუქვას, სუვერენიტეტის შეზღუდვად აღიქვამენ. რუსული სუვერენიტეტი რომ გარკვეულწილად ეჭვქვეშ დგება, ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებთ.
ისინი თვლიან, რომ რუსებმა გამოგვიყენეს და მომავალში შესაძლოა ამაზე უარესიც დაგვემართოსო. აფხაზები ფიქრობენ, რომ თუ პოლიტიკამ მოითხოვა და გეოპოლიტიკური ვექტორი შეიცვალა, არ არის გამორიცხული რუსებმა დაგვთმონო.
935
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85