ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები გაიფიცნენ

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები გაიფიცნენ

შპს "ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები" გაიფიცნენ. ტერმინალის თანამშრომლები ითხოვენ ხელფასის გაზრდას 50%-ით, 108 თანამშრომლისთვის შტატის დაშვებას , სამედიცინო პუნქტის გახსნას, შრომის უსაფრთხოების დაცვისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, გასახდელი და სველი წერტილების მოწესრიგებასა და კვების ობიექტის ინფრასტრუქტურის მოწყობას.

როგორც საერთაშორისო ტერმინალის თანამშრომელმა გოჩა ბეშიტაიშვილმა აღნიშნა, გაფიცვა დღეს 15:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო თუ მათ მოთხოვნებს ადმინისტრაცია არ გაითვალისწინებს, საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

"ჩვენ გვაქვს ანაზღაურება 3 ლარი და 15 თეთრი საათობრივი განაკვეთით. თვეში 10 გამოძახება გვიწევს, შესაბამისად, 300 ლარის ფარგლებშია ჩვენი ანაზღაურება. რამდენჯერმე მივმართეთ მენეჯერს, მაგრამ მხოლოდ დაპირებებია, პირობები კი არ გაუმჯობესებულა. სამსახურში არ მიგვიღებენ, სანამ ვინმე არ გარდაიცვლება, ვინმე პენსიაში არ გავა, ან ვიღაცას კისერი არ მოტყდება. სანამდე უნდა ველოდოთ სხვის მწუხარებას", - აღნიშნა გოჩა ბეშიტაიშვილმა.

აქციაზე ტერმინალის პროფკავშირების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ უნდა გაუმჯობესდეს შრომითი პირობები და ადმინისტრაციამ დროულად უნდა მოაგვაროს ტერმინალის თანამშრომლების სამუშაო პრობლემები.

შპს "ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა" ოფიციალური განცხადება წერილობით გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ტერმინალის თანამშრომლებთან შრომითი პირობების პრობლემების საკითხზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს თუმცა, საწარმო ზედმიწევნით ასრულებს საქართველოს შრომითი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენი კომპანია აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტერმინალის თანამშრომელთა წარმომადგენლებთან და მუშახელის მომწოდებელ კონტრაქტორებთან არსებული შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. თანამშრომელთა მიერ წამოყენებული მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დაკმაყოფილებულ იქნა კომპანიის მიერ და შესაძლებლობების ფარგლებში გაუმჯობესდა თანამშრომელთა სამუშაო პირობები, ხოლო რაც შეეხება დარჩენილ მოთხოვნებს, ისინი ნამდვილად აღემატება კომპანიის შესაძლებლობებს მოცემულ ეტაპზე, თუმცა საწარმო ზედმიწევნით ასრულებს საქართველოს შრომითი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის. ჩვენ გავნაგრძობთ ჩართულ მხარეთა ერთიან შეთანხმებაზე მუშაობას", - აღნიშნულია საწარმოს ხელმძღვანელობის განცხადებაში.