იუსტიციის მინისტრს პროკურატურასთან არანაირი უფლებამოსილება აღარ რჩება

იუსტიციის მინისტრს პროკურატურასთან არანაირი უფლებამოსილება აღარ რჩება

იუსტიციის მინისტრს პროკურატურასთან და მის საქმიანობასთან მიმართებაში, პრაქტიკულად, არანაირი უფლებამოსილება აღარ რჩება. 

ამას "პროკურატურის შესახებ" კანონში, ფრაქცია "ქართული ოცნების" ავტორობით და ინიციატივით წარდგენილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომლის განხილვასაც პარლამენტი სავარაუდოდ, მიმდინარე კვირიდან დაიწყებს.

პროკურატურის უფლებამოსილებების იუსტიციის სამინისტროსგან გამიჯვნის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს პირველი მომსმენით მიღებული აქვს დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი. ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული ვარიანტის თანახმად კი, ის უფლებამოსილებები, რომელიც იუსტიციის მინისტრის კომპეტენციის ფარგლებში რჩებოდა, მთავარი პროკურორის ხელში გადადის.

იუსტრიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებების განიჯვნის თაობაზე პარლამენტში წარდგენილი ახალი საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, პროკურატურის სისტემასთან მიმართებაში იუსტიციის მინისტრს შეეძლება მხოლოდ ის, რომ მთავარი პროკურორის წარდგინებით სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს დაამტკიცებს.

ასევე, იუსტიციის მინისტრის კომპეტენცია იქნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ტრიბუნალებსა და არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის ფარგლებში, პროკურატურის ორგანოსგან სისხლის სამართლის საქმის მასალებს გამოთხოვა. ყველა სხვა უფლებამოსილება მთავარი პროკურორის კომპეტენციაში გადადის.

ამასთან, კანონში ცალკე პუნქტად იწერება, რომ იუსტიციის მინისტრი პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან და სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით გახორციელებულ მოქმედებებში და მიღებულ გადაწყვეტილებებში არ ერევა.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი კონსტიტუციით და კანონმდებლობით, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა. აღნიშნული საკითხის გადახედვა და პროკურატურის იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობიდან გამოყოფა, ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.