მთავარმა პროკურატურამ გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილე ყოფილი სამართალდამცველები დააკავა.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში საგანგებო განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
"მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულები არიან: შსს-ის ყოფილი თანამშრომლები: გოჩა ბაღათრიშვილი, გოჩა ჩიტაია, ზაზა ჭაია, გრიგოლ კვინიკაძე, ვლადიმერ გამრეკლიშვილი და გივი გრავჩენკო. გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, ფალსიფიცირებული მტკიცებულების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი", - განაცხადა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, დაკავებული პირების დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა პირებმა დღეს მთავარ პროკურატურასთან პრესკონფერენცია გამართეს და უწყება მათზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. ყოფილი პოლიციელების მტკიცებით, პროკურატურის გამომძიებლებმა მათ მოსთხოვეს, რომ თამაზ თამაზაშვილის პოლიტიკური მოტივით დაკავება თავიანთ თავზე აეღოთ, რათა "საქმე გახსნილიყო".