დენის კორბოი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი, “The New York Times”
მომავალ თვეში საბჭოთა კავშირის კოლაფსის ოციწლისთავი კარგი საბაბია სამი გიგანტის – მიხეილ გორბაჩოვის, ბორის ელცინის და ედუარდ შევარდნაძის – ფენომენზე დაფიქრებისთვის.
თითოეულმა მათგანმა ისტორია შექმნა, თუმცა სამივემ გადაუხვია გზას, როდესაც საზოგადოებებმა ევოლუცია განიცადეს და მოლოდინები არ გამართლდა. ვლადიმერ პუტინმა ეს გაკვეთილები უნდა გაითვალისწინოს, რადგან როგორც მოსალოდნელია, მომავალ წელს ის პრეზიდენტად დაბრუნდება.
შევარდნაძე, რომელთანაც ჩვენ სამივე მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, თვალსაჩინო მაგალითია ლიდერის მიერ განვლილი გზისა წარმატებიდან სამწუხარო დასასრულამდე. 1980-იანი წლების საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი შევარდნაძე იმ პერიოდის საბჭოთა ლიდერს გორბაჩოვს დაეხმარა, შეიარაღებაზე ისტორიული ხელშეკრულებების მიღწევასა და ავღანეთის წაგებული ომიდან საბჭოთა არმიის გამოყვანაში. 1989 წელს, გორბაჩოვის და შევარდნაძის წყალობით ბერლინის კედლის დაცემა მშვიდობიანად მოხდა და აღმოსავლეთ ევროპა სატელიტური რეჟიმებისგან გათავისუფლდა.
საბჭოთა კოლაფსის შემდეგ, 1991 წელს, შევარდნაძე სახლში, მის მშობლიურ, იმ დროს უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნდა. მან სამოქალაქო ომი დაასრულა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა კონტროლი ორ სეპარატისტულ რეგიონზე – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე.
რა შეიძლება ისწავლოს პუტინმა ამ ისტორიიდან?
პირველ რიგში, სტაგნაციასთან ბრძოლისთვის რეფორმები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როდესაც 1985 წელს, გორბაჩოვი ხელისუფლებაში მოვიდა, კომუნისტურ იდეოლოგიას მიმზიდველობა დაკარგული ჰქონდა, ეკონომიკა კი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო. მისი რეფორმები არათანმიმდევრული, მაგრამ თამამი გახლდათ, თუმცა ძალიან სუსტი იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირი გადარჩენილიყო.
1990-იან წლებში, საქართველოში, შევარდნაძე ახალგაზრდა ლიდერებს ხელს უწყობდა, რომლებმაც სამართლიან არჩევნებში პარლამენტში ხმების უმრავლესობა მოიპოვეს, მაგრამ მან უკან დაიხია, როდესაც ისინი მის სუსტ მმართველობას დაუპირისპირდნენ. 2003 წლის ფალსიფიცირებულ არჩვენებში, ახალგაზრდა თაობამ მას გადადგომა აიძულა. ეს მოვლენა „ვარდების რევოლუციის“ სახელითაა ცნობილია.
რუსეთი დღეს იმაზე თავისუფალია, ვიდრე საბჭოთა წლებში იყო, მაგრამ ცინიზმი და პესიმიზმი კვლავ გაბატონებულია. ახალგაზრდობა და კაპიტალი ქვეყნიდან გაედინება, ჯანმრთელობის პრობლემები და დემოგრაფიული კრიზისი საზოგადოებას ტანჯავს. პუტინი სიტუაციას განმუხტავდა თავისუფალი არჩევნები, დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტიები და სოციალურ სნეულებებსა და მათთან ბრძოლის ხერხებზე გულწრფელი დებატები რომ დაეშვა.
მეორეც, რეფორმების განხორციელება ჩამოყალიბებულ ხედვას და სიმტკიცეს მოითხოვს. გორბაჩოვს შეცდომით მიაჩნდა, რომ ის საბჭოთა სისტემის რეაბილიტაციას შეძლებდა. ელცინმა რუსეთში და შევარდნაძემ საქართველოში რეფორმებზე უკან დაიხიეს, როდესაც მათ ძველი ან კორუმპირებული ელიტები შეეწინააღდეგნენ.
პუტინი რეალური რეფორმებისადმი ნაკლებ ინტერესს ავლენს. ის იცავს არაეფექტურ მსხვილ საწარმოებს, რომელთაგან ბევრის ნაციონალიზაცია მოახდინა და უზარმაზარ გიგანტებად გააერთიანა. იმ დროს, როდესაც, პუტინი მიესალმება ენერგეტიკის სექტორში გარე დამხარებებს, მიხეილ ხოდორკოვსკის საქმე ინვესტორებისა და კანონის უზენაესობისადმი გულგრილობის დემონსტრირებას ახდენს.
მესამეც, მომავლის ლიდერები მნიშვნელოვანია. საქართველოში შევარდნაძე ხელისუფლების შენარჩუნებას დიდხანს ცდილობდა, აცხადებდა რა, რომ ახალგაზრდა თაობას გამოცდილება აკლდა. ელცინმა ახალგაზრდა ლიდერებს თავიდან უფლებამოსილება გადასცა და რეფორმებმაც მომავალ კეთილდღეობას იმპულსი შესძინა, მაგრამ მან უკან დაიხია, როდესაც რეფორმების კორუმპირებული მეთოდების განხორციელებისადმი საყოველთაო უკმაყოფილებას და მეტი სტაბილურობისა და წესრიგის მოწოდებების პირისპირ აღმოჩნდა.
პუტინი ვერ იტანდა „ფერად“ რევოლუციებს საქართველოსა და უკრაინაში, მაგრამ იგი ანალოგიური ზეწოლის წინაშე აღმოჩდნება, განსაკუთრებით ორგანიზებული ახლაგაზრდა ლიდერების მხრიდან. ერთადერთი, რითაც მას მოლოდინის გაამართლება შეუძლია ეს არის ის, რომ ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიულად განწყობილ ლიდერებს და განაახლოს მმართველობა.
მეოთხეც, პუტინმა შეიძლება დაკარგოს ჩრდილოეთ კავკასია. საქართველოში შევარდნაძე მოქნილად ავლენდა პატივისცემას უმცირესოებების მიმართ, ახდენდა რა სამხედრო მეთაურების ნეიტრალიზაციას. თუმცა, ის ძალიან სუსტი იყო იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა ულტრანაციონალისტების დამანგრეველი აგრესია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
პუტინი გაცილებით შემაშფოთებელი გამოწვევის წინაშე დგას, ისეთის როგორიცაა ტერორიზმი და არეულობა ჩრდილოეთ კავკასიაში. რეგიონი მოსკოვის კონტროლს ხელიდან უსხლტდება. პუტინმა უნდა დაიწყოს დიალოგი ადგილობრივ უმცირესობებთან, დიდწილად მუსულმანებთან და იყოს უფრო მეტად მოქნილი და შემოქმედებითი. სისასტიკე და მექრთამეობა სიტუაციას ამწვავებს და რესურსებს ფიტავს. რუსეთმა ასევე უნდა გააუმჯობესოს ურთიერთობა საქართველოსთან, რათა შეძლოს იმ საფრთხეების შეკავება, რაც ჩრდილოეთ კავკასიიდან მოდის.
პუტინი მისი ქვეყნის ყველაზე პოპულარული ლიდერია. ის იმ პოლიტიკური კულტურის მატარებელია, რომელიც ძლიერ ხელს, ნაციონალიზმსა და დამოუკიდებელი ზე-სახელმწიფოს სტატუსს აფასებს. მაგრამ რუსეთიც იცვლება. სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ჯერ კიდევ სუსტია, ძალას იკრებს. კორუფციითა და არჩევანის არარსებობით გამოწვეული უკმაყოფილება იზრდება.
სტატუს-ქვოს პოლიტიკა საკმარისი არ არის, მაგრამ ის პუტინის პრიორიტეტად რჩება. ის ენერგიას ფანტავს და აშფოთებს მეზობლებს ევრაზიის კავშირით, რომელსაც უმნიშვნელო სარგებელი მოჰყვება. რუსეთის მთავარი ინტერესები და კლიენტები ევროპაში არიან, ევროპაში, რომლითაც რუსები აღფრთოვანებულნი არიან და ბევრ მათგანს იქ მოგზაურობა და ქონების შეძენა უყვარს.
პუტინს შეუძლია წარმატებული პრეზიდენტი იყოს, თუკი ის ეფექტურად დაკავდება რუსეთის მთავარი გამოწვევებით. თუმცა, ამჯერად მას საქმე უფრო რთულ და მომთხოვნ ელექტორატთან ექნება. როდესაც შევარდნაძე ვეღარ წყვეტდა საქართველოს პრობლემებს, ის მოიშორეს. პუტინმა შესაძლოა ანალოგიურად გარისკოს, ვიდრე ის არ ისწავლის შევარდნაძისა და სხვა მისი წინამორბედი გიგანტების მაგალითზე.
დენის კორბოი – ლონდონის „კინგს კოლეჯის“ კავკასიის პოლიტიკის ინსტიტუტის დეირექტორი და ევროკომისიის ყოფილი ელჩი საქართველოსა და სომხეთში. უილიამ კორტნი – აშშ-ს ყოფილი ელჩი ყაზახეთსა და საქართველოში, და შეერთებული სტატების პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში. კენეტ იალოვიცი – აშშ-ს ელჩი ბელორუსსა და საქართველოში
foreignpress.ge
821
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85