ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებლობის დღეს მოსახლეობას სპეციალური მიმართვით მიულოცავს

ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებლობის დღეს მოსახლეობას სპეციალური მიმართვით მიულოცავს

ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებლობის დღეს მოსახლეობას სპეციალური მიმართვით მიულოცავს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიმართვა 26 მაისს, 12:00 საათზე ყველა ქართული ტელეარხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. 

რაც შეეხება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, თბილისსა და 26 ქალაქში ღონისძიებები 12:00 საათიდან 21:30 საათის ჩათვლით გაიმართება.
თბილისში, ღონისძიებები 3 ადგილას - რუსთაველის და თავისუფლების გამზირზე, გლდანში და ვარკეთილში გაიმართება.

"ვარდების მოედანზე" და თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ძეგლთან, წარმოდგენილი იქნება თავდაცვის სამინისტროს ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა;

"იმელის" შენობის წინ, მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა. ამავე ტერიტორიაზე გაიმართება გამოფენები, კონცერტები და სხვა გასართობი ღონისძიებები.

თავისუფლების მოედანზე მოეწყობა თავდაცვის სამინისტროს BCT-ის კურსდამთავრებულების ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი, გადაიფრენენ თვითმფრინავები და მოეწყობა თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის საჩვენებელი მსვლელობა. კონცერტები და სპორტული ღონისძიებები გაიმართება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზეც.

გლდანის პარკში გამოფენილი იქნება თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ტექნიკა და აღჭურვილობა. აქვე გაიმართება კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ.

თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა ვარკეთილის სკვერშიც. აქვე გაიმართება ლუდის ფესტივალი, სპორტული შეჯიბრებები და გასართობი ღონისძიებები.

თბილისის გარდა საზეიმო ღონისძიებები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი, ცაგერი და წალკა.

ღონისძიებებს 21:30 საათზე, როგორც თბილისში, ასევე 26 ქალქში საქართველოს ეროვნული ჰიმნი და გრანდიოზული ფეიერვერკი დაასრულებს.