სწრაფად წახვალ, წყნარად წაგიყვანენ

სწრაფად წახვალ, წყნარად წაგიყვანენ

ამინდის მკვეთრ გაუარესებასთან ერთად ავტოავარიების იმატა. შემთხვევების მთავარ მიზეზად სიჩქარის გადამეტება და მძღოლების სიმთვრალე რჩება. ქვემოთ ბოლო სამწუხარო სტატისტიკას იმისთვის გთავაზობთ, რომ გამგებმა გაიგოს და მოძრაობის წესები მაქსიმალურად დაიცვას.

მსხვერპლი მოჰყვა ავარიას თბილისში. მარშალ გელოვანის გამზირზე „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე ცოლ-ქმარს დაეჯახა.

ავარიის შედეგად 76 წლის ოთარ ჭოლოკავა ადგილზე დაიღუპა, მისი მეუღლე 71 წლის ნელი თოლორდავა კი სასწარაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ქალბატონს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა. „მერსედესის“ მძღოლი პატრულის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე დახვდა.

მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

9 წლის გოგონა ორთაჭალაში ჯიპმა გაიტანა. ბავშვი გზაზე მწვანე შუქზე გადადიოდა, როდესაც დიდი სისწრაფით მოძრავი მანქანა შეეჯახა.

გორგასლის გამზირზე მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველები ყვებიან, რომ ავტომანქანის მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია და გზაზე გადასასვლელი, სადაც ამ დროს ქვეითად მოსიარულეები მოძრაობდნენ, უკანონოდ გადაკვეთა და გოგონას შეეჯახა.

მოზარდი ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.

ორი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ იგოეთთან, ავტობანზე. თბილისისკენ მომავალი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანას შეეჯახა.

ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ „ჟიგულში“ მყოფი ძმები მალხაზ და კონსტანტინე ხუციშვილები. მეორე მანქანის მგზავრებს კი არანაირი დაზიანება არ მიუღიათ.

მანქანიდან გარდაცვლილების ამოყვანა სპეცტექნიკის საშუალებით მოხერხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, საპატრულო და სახანძრო სამსახური. ავარიის ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში. ბათუმიდან ხობის მიმართულებით მიმავალი „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის გამომწვევი მიზეზი გადაჭარბებული სიჩაქარე გახდა. ადგილზე დაიღუპა ავტომანქანის მძღოლი. რაც შეეხება დანარჩენ ორ მგზავრს, ერთ-ერთ მათგანს გადაუდებელი ოპარაცია ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გაუკეთდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

იგი კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისის ეროვნული ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. სტაბილურია მესამე მგზავრის მდგომარეობა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ტრაგიკული დღის მიუხედავად, კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მეტნაკლებად შემცირებულია. ავტოავარიების მთავარ მიზეზად კი სიჩქარის გადამეტება და მძღოლების სიმთვრალე რჩება.

ცნობისთვის, 2010 წელს საქართველოში 5099 ავტოავარია დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 400-ით ნაკლებია. რაც შეეხება 2011 წლის პირველ ცხრა თვეს, ქვეყანაში ავტოავარიების რიცხვმა ამ პერიოდში იკლო და 2842 შეადგინა. შედეგად დაღუპულია 320 ადამიანი.

მსოფლიოში ავტოავარიები ყველაზე ხშირია აფრიკის ქვეყნებში, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთი მოსდევს.

ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა და საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნები მესამე ადგილს იკავებენ. შედარებით უსაფრთხოა მოძრაობა ავსტრალიის, ინდოეთის, პაკისტანისა და ინდოჩინეთის ქვეყნებში.

ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ავტოავარიები ყველაზე ხშირად ხდება ყაზახეთში, რუსეთში, ყირგიზეთში, ლიტვასა და უკრაინაში. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში.

ჩატარებული კვლევის თანახმად, მოძრაობის წესებს ფეხით მოსიარულეთა მხოლოდ 55 % იცავს. ტრაგიკული შემთხვევების უმეტესობაში, როდესაც ფეხით მოსიარულე დაიღუპა, წესები სწორედ მათ დაარღვიეს.