ჭაბუა ამირეჯიბი: „ბანაკში დაღუპვას რწმენამ გადამარჩინა“

ჭაბუა ამირეჯიბი: „ბანაკში დაღუპვას რწმენამ გადამარჩინა“

18 ნოემბერს ქართული ლიტერატურის პატრიარქს ჭაბუა ამირეჯიბს 90 წელი შეუსრულდა. ბატონმა ჭაბუამ მითხრა, პაპაჩემ გიგო ამირჯიბივით ოთხმოცდაცამეტ წლამდე სიცოცხლე მაქვს განზრახულიო, როცა ამ სამიოდე წლის წინ მასთან ინტერვიუს ჩასაწერად მივედი. არ ვიცოდი, რომ ზუსტად 18 ნოემბერი იყო, მისი დაბადების დღე, და საფიხვნოს თავში მჯდარმა ჭაბუა ამირეჯიბმა, ამჯერად ბერმა დავითმა, აქეთ მისახსოვრა თავისი წიგნი, სახელწოდებით „საწყისი“. სხვათაშორის, მის ოჯახში საოცარი მაგიდა ვიხილე. სვანური გრძელი ტაბლის ცენტრი ამოჭრილი გახლდათ და მასში პატარა ქვევრი იყო ჩამონტაჟებული. თურმე  ასეთი მაგიდა ჭაბუა ამირეჯიბს სხვის ოჯახში უნახავს და იმდენად მოსწონებია, მსგავსი მაგიდა მისთვისაც გაუკეთებიათ და უსახსოვრებიათ. ქეიფის დროს ამ მაგიდიდან ჭაბუას მეგობრები თურმე ღვინოს უშუალოდ ქვევრიდან ეწაფებიან...   

მიიჩნევს, რომ ღმერთის ნება იყო ის, რაც თავს გადახდა. 1921 წელს დაიბადა, 1938-ში მამა დაუხვრიტეს, დედა გადაუსახლეს. 1941 წლის 23 ივნისს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან წაიყვანეს ჯარში. მანამ არ გამოცხადდა კომისარიატში, სანამ კალათბურთის თამაში არ დაასრულა. მოგვიანებით სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს, რეპრესირებული მშობლების შვილი საბჭოთა არმიას არ სჭირდებოდა. უნივერსიტეტს დაუბრუნდა, მაგრამ 1943 წელს შეიარაღებული აჯანყების მზადებაში თანამონაწილეობის გამო დააპატიმრეს, დახვრეტა მიუსაჯეს, სამი თვე სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა, მაგრამ განაჩენი 25 წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. თუმცა დახვრეტის განაჩენი კიდევ ორჯერ გამოუცხადეს. ციხის ბანაკიდან ექვსჯერ გაიქცა, აქედან სამჯერ წარმატებულად, სამჯერ – წარუმატებლად. ყოველი გაქცევისას სასჯელს უმატებდნენ, ბოლოს 85 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა პატიმრობაში 16 წელი გაატარა. როცა გამოუცხადეს, ამირეჯიბი, თავისუფალი ხარო, მაშინაც ციხის ბანაკში კალათბურთს თამაშობდა. გათავისუფლების სიხარულის მიუხედავად, აქაც განმეორდა ერთხელ განცდილი. არც ამჯერად მიატოვა თამაში და კალათბურთის ეს მატჩიც ბოლომდე ჩაათავა...

ინტერვიუს მსვლელობისას დაფაზე მიწერდა პასუხებს. ასეთნაირად შევიტყვე, რომ  პატიმრის ფორმულარში ეწერა: „беглец, склонен к бегству“, რის გამოც ერთსა და იმავე ბანაკში ექვს თვეზე მეტხანს არ აჩერებდნენ. ციხის უფროსები საპატიმროებიდან იშორებდნენ, ჩვენგანაც არ გაიქცესო.

„ბანაკში დაღუპვას რწმენამ გადამარჩინა. უპირველესი სულიერი ღირებულება მართლმადიდებლური ქრისტინობაა. სახარებისა ათი მცნება სულიერ ღირებულებათა ამომწურავ ვალდებულებებს შეიცავს და ვალდებულებათა მწყობრს იძლევა. ვფიქრობ, სწორედ ამ სულიერ ღირებულებათა განუხრელმა მიმდევრობამ უზრუნველყო ჩემი „ათას სიკვდილს“ გადარჩენა,“– მითხრა ბერად აღკვეცამდე ცოტა ხნით ადრე.

„როცა ერს გასაჭირი, საფრთხე ეწვევა, ადამიანთა დიდი ნაწილი ზნეობის დაცემას განიცდის, ხოლო მცირე რაოდენობა ზნეობის სრულყოფით ებრძვის კარს მომდგარ ბოროტებას. ამით არც ქართველ ერს არაფერი წაუგია“. აგვისტის ომის შეფასებისას კი უკვირდა, თუ „რატომ არ იქნა მიგნებული კაციჭამია მეზობელთან ურთიერთობის ისეთი მეთოდები, რის გამოყენებაც აგვისტოს განსაცდელს აგვაცილებდა. არავის ეგონოს, რომ ყოველივე ამის განხორციელების ნიჭის მქონე ადამიანები ვერ გამოიძებნებიან საქართველოში, საქმე გაცილებით უბრალოდ არის. ჩვენს ერს მართავენ ადამიანები, ვინც უცხოეთში გადაგვარდნენ, თავისუფლებისა და თვითმყოფადობის ნაცვლად მორჩილება და სხვისი გონებრივი ტვირთით ცხოვრება აირჩიეს ქართველი ერის ცხოვრების წესად“.

ვკითხე, დათა თუთაშხიას პრინციპები ეკლესიურს ხომ არ ეწინააღმდეგება-თქო? განა ბოროტებას ბოროტებით აღმოფხვრის ადამიანი, რაგინდ კეთილი ზრახვები უნდა ამოძრავებდეს-თქო?! ამასთან დაკავშირებით აღნიშნა: „მართლმორწმუნეობა არსად ამბობს, რომ ბოროტების თავდასხმა არ მოიგერიოთო, საიქიოს წადი, ან ბოროტება ირწმუნეო. გაიხსენეთ, ჩვენზე მოსულ ბოროტ განმზრახველ მტერს საპირისპირო ბოროტებით, ანუ იარაღით თუ არ დავხვდებოდით, ჩვენი ერის ნასახი მეხსიერებაშიც კი არავის და არაფერს ჩარჩებოდა. დათა თუთაშხიაც ამ პრინციპით ცხოვრობს. სხვანაირ ბოროტებას, მის მიერ ჩადენილს, ამ წიგნში ვერავინ იპოვის. ასეა ეს!“

ალბათ ჭაბუა ამირეჯიბი ამავე პრინციპით ხელმძღვანელობდა, როცა ბრძოლისკენ მოუწოდებდა თანამემამულეებს და მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ თავმჯდომარედაც გვევლინებოდა.

დამაინტერესა, მისთვის რას ნიშნავდა თუთაშხა, რომელიც ძველქართული მითოლოგიით, წმინდანად, ძეხორციელად გადაიქცა? წმინდა გიორგის სახიდან ხომ არ მოდიოდა იგი, რადგან „თუთაშხა“ მეგრულად მთვარეს ნიშნავს. ჭაბუა ამირეჯიბმა განმარტა, რომ თუთაშხა ძველქართული მითოლოგიის ერთ-ერთი ღმერთია, რომელიც ძე ხორციელად იქცა და ქართველ ერს, მის ზნეობასა და რწმენას დაუდო სათავე. „არა მგონია, თუთაშხა წმინდა გიორგის მითოლოგიიდან მომდინარეობდეს“.

ქართველ კლასიკოსს 90 წლის იუბილე სამების ახალგაზრდული სულიერების ცენტრშიც მიულოცეს. მწერალმა რეზო მიშველაძემ აღნიშნა: „ერთ-ერთ ოპოზიციურ არხს რომ ვუყურებ, შესანიშავი გოგონა თავის სიუჟეტში მდევრებს მიმართავს: „რატომ დამყვები?! რატომ მითვალთვალებ?!“ მე-20 საუკუნემ ხომ ამ თვალთვალში ჩაიარა და 21-ე საუკუნეშიც უთვალთვალებენ ადამიანებს. უთვალთვალებდნენ „თეთრი გიორგის“ წევრს ჭაბუა ამირეჯიბსაც, ცხოვრებაში უმძიმესი წლები იწვნია, მათ შორის, მშობლების დაპატიმრება. დღეს კი იგი, ბერი დავითი, თავის სენაკში მოღვაწეობს. მეტყვის ხოლმე: რეზო, ჩვენ უკან დახევის უფლება არ გვაქვს, ქვეყნის დამაქცევართ უფალი სამაგიეროს მიუზღავსო“.

„ჭაბუა ამირეჯიბმა თავისი ნაწარმოებით გვითხრა, შეუმცდარი ადამიანი ბუნებაში არ არსებობსო. ადამიანის სულამდე მისვლის ძიების გზა რთულად აქვს ჭაბუას გადმოცემული. იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანთა სევდის განკურნება მათთან მისვლის გარეშე არ შეიძლება; ამიტომაც ერევა მათ ცხოვრებაში, რადგან იცის, თქვენ ის კაცი არ ხართ, მე რომ მესვრით“...

„ბორკილების მსხვრევა გვასწავლა გიორგი ბრწყინვალის ენით. როცა გიორგი ბრწყინვალე ხალხს ხვდება, საყვედურობენ, როგორ შეგვარცხვინე, შე სამარცხვინო მეფეო, როგორ შეწყვიტე ბრძოლა მონღოლებთანო. გიორგი ითმენს ამ ყველაფერს, ნუ გეშინიათ, ეს დროც დადგებაო. მართლაც, ეს დროც დადგა. ღმერთო, მოასწარი ჭაბუა სულელური ექსპერიმენტებისგან თავისუფალ, ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს“, – აღნიშნა რეზო მიშველაძემ.

არქიფო სეთურსა და დღევანდელ დღესაც ასე აქტუალურ ხალხის დამონების ტექნოლოგიასთან დაკავშირებით კომენტარი ჯანსუღ ჩარკვიანს ვთხოვეთ. გაირკვა, რომ არქიფო სეთურის სახის შექმნისას ჯანსუღ ჩარკვიანიც თანამონაწილეობდა და ჭაბუა ამირეჯიბს დამონებული ხალხის სახეების გამძაფრებისკენ მოუწოდებდა.   

„მაშინ ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი გახლდით, როცა ჭაბუას ვუთხარი, შენს სეთურის სოფელს ვბეჭდავ-თქო. ეს რომ გაიგო, ამოიჩარა ტექსტი და წავიდა, იმდენად არ დაიჯერა, რომ დავბეჭდავდი. სეთურის სოფელი უფრო სუსტი იყო და მოგვიანებით ვუთხარი, შენი ჭირიმე, გაამძაფრე-მეთქი, რადგან შენ ამას არ დაგიჯერებენ, შენ იმდენი მოიხადე ამ ქვეყანაზე, იმდენ ხანს იჯექი და ირბინე აქეთ-იქით, რომ უფრო უნდა გაამძაფრო სეთურის სოფელი, თავისი ციხეებით. კაცი გაგიჟდა კინაღამ და თავიდან დაწერა, უფრო მძაფრად“.

ჯანსუღ ჩარკვიანის თქმით, ჭაბუა ამირეჯიბი აღმაშენებლის გზით დადის. „დღეს საქართველოში სეთურის სოფელიც კი აღარაა, აღარაფერიც აღარ არის დარჩენილი. დღეს საქართველოში არის ის უბედურება, რაც იყო პატივცემული ლავრენტი პავლეს ძე ბერიას დროს. ესენი კლავენ ადამიანებს, მართალ ხალხს იჭერენ, სიტყვის თავისუფლება არ არის, ჭაბუა ამისთვის იბრძოდა მთელი თავისი ცხოვრება. დღესაც ამისთვის იბრძვის“.

როგორც გავარკვიეთ, სეთურის როლის თამაში დოდო აბაშიძეს ძალიან უნდოდა, მაგრამ გადამღებ ჯგუფს ეს არ სურდა, რადგან დოდო მეტად მოსული კაცი იყო და არ იყო სასურველი, საკუთარი ძალით დაეჯაბნა ეს ხალხი. მით უფრო, რომ სეთურის სოფელი იყო საბჭოთა წყობის გადმოტანა ხელოვნებაში. თუმცა საბოლოოდ მაინც დოდო აბაშიძე შეირჩა სეთურის როლზე და ამ სახეს კარგად გაართვა თავი.

ჭაბუა ამირეჯიბისეული მეწისქვილე ბონა კი დღესაც ძალიან ბევრია ჩვენში, – შენ ხომ მაინც უნდა მოგკლან, დათა ბატონო, ბარემ, მე მოგკლავ, ფულს ავიღებო. თანაც, თავს იმართლებს დაბეჩავებული, შიმშილის გამო გამცემლობამდე მისული მეწისქვილე,  დათა ბატონო, შემაცდინეს, გაჭირვებამ მაჯობაო...

მწერლის და, ნათია ამირეჯიბი, Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს: „მე და ჭაბუა სხვადასხვა დროს ვიზრდებოდით. საწყალი ჭაბუა ციხეში იყო იმ პერიოდში. 10 წლის ვიყავი, როცა დააპატიმრეს, თითქმის არ მინახავს ჭაბუა. მერე, რომ გამოვიდა ციხიდან, დავმეგობრდით და ჩემი საოცარი პატრონი და დამცველი გახდა. მამა, ირაკლი ამირეჯიბი, დამიხვრიტეს; მამა საერთოდ არ მახსოვს, მაშინ სამი წლის ვიყავი. როდამი მყავდა, და, რომელიც გარდაიცვალა, ჭაბუაზე ორი წლით უფროსი იყო. რეპრესიის წლები საშინელება იყო, მაგრამ მე მაინც მყავდა პატრონები. დეიდა და და, რომელიც მოსკოვში იყო და იქიდან მიგზავნიდა ხან საჭმელს, ხან ფულს, თავს იკლავდა ჩემი გულისთვის. ასე თუ ისე, მე დეიდაც მყავდა, მამიდაც; საწყალი დედაჩემი და ჭაბუა კი ცოდონი იყვნენ“.

ჭაბუა ამირეჯიბის ბერად აღკვეცასთან დაკავშირებით კი ნათია ამირეჯიბი აცხადებს: „რა ვიცი... იცით, რაღაც ეგეთი მიდრეკილება ჰქონდა თავიდანვე, მაგრამ რატომღაც ვერ ახერხებდა ამის გაშლას, ჩაფიქრებული იყო ამაზე და მართალიც იყო, ბერის გზა რომ აირჩია საბოლოოდ“.

ჭაბუა ამირეჯიბის მეუღლე თამარ ჯავახიშვილი-ამირეჯიბი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მამა დავითი (ჭაბუა ამირეჯიბი) ბუნებით ოპტიმისტი, ძალიან გაუტეხელია და იმის დიდი რწმენა აქვს, რომ აუცილებლად გავალთ ნათელ გზაზე და უფალი მოგვხედავს.

„მისთვის ბერული ცხოვრება რთული არაა. უწმინდესმა ნება მისცა, თავისუფლად იყოს, მონასტერში არ არის, არამედ სახლშია და საკუთარ ავტობიოგრაფიაზეც მუშაობს. არ მალავს, რაც არ მოსწონს, რაც არ ვარგა და ამას საჯაროდ აცხადებს. მე შეიძლება თავი შევიკავო, ის კი ამბობს. შესაძლოა, სჯობდეს კიდეც ასე, უნდა ითქვას ის, რაც გამოსასწორებელი და გასაკეთებელია და ყველას წაადგება, ქვეყანასაც და ჩვენც“, – გვითხრა ჭაბუა ამირეჯიბის მეუღლემ.