ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ლანჩხუთში ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების ინიციატორები პოლიციაში დაიბარეს. ერთ-ერთი მათგანი შოთა ფირცხალაიშვილია. "დამიბარონ, მერე რა? მივალ, ვკითხავ, რა უნდათ? რა დანაშაულს ჩავდივარ?" _ ამბობდა ის. მოგვიანებით, როცა ამ საქმით ჟურნალისტები დაინტერესდნენ, სამართალდამცველები "ჰუმანურები გახდნენ" და, როგორც აღმოჩნდა, ხელმოწერების ინიციატორები პოლიციაში იმისთვის დაუბარებიათ, "ბოდიში მოეხადათ", შეგაწუხეთო(?!).
ახლა აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ხელმოწერები საფეხბურთო კლუბ "გურიას" ვეტერანთა ნაწილმა შეაგროვა. ეს ვეტერანები, გასულ შაბათს, "გურიის" ყველაზე დიდი ტრიუმფიდან 25 წლის იუბილეზე იყვნენ დაპატიჟებულები. ზეიმი კარგი კი გამოდგა, მაგრამ ამ ლამაზ დღეს სკანდალიც მოჰყვა _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ერთი ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებდა! თან ეს ისე "ტექნიკურად" გაუკეთებიათ, სუფრაზე მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლებს კი არა, რამდენიმე სამართალდამცველის მახვილ მზერასაც ვერ შეუმჩნევია. ამით მათ ორგანიზატორები გვარიან სკანდალში გახვიეს და შესაძლოა, პრობლემები მათაც და საკუთარ თავსაც შეუქმნეს.
განცხადებას ხელს აწერენ "გურიის" ისტორიაში ლეგენდარული ფეხბურთელები. მათ შორის არიან დავით უგრელიძეც, "გურიის" ექს-ფორვარდი და ამჟამად "ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და თბილისის "დინამოს" ლეგენდარული მასაჟისტი ანზორ გაბიტაშვილი (გახსოვთ, ალბათ, 1981 წელს თასების თასის ფინალში, "კარლ ცეისთან" მოგების შემდეგ, მან ბურთი როგორ "გაიტაცა").
ჩვენ "ქომაგთა ლიგის" აქტივისტს დავით უგრელიძეს ვესაუბრეთ:
_ თქვენს ჟურნალისტი ხართ, ხომ? მაინტერესებს, ამდენს რომ ლაპარაკობს ზვიად სიჭინავა, რეალურად რამეს აკეთებს "გურიისთვის"?
_ ამბობს, რომ თუ სპონსორი იქნა, დაეხმარება, რომ ხელისუფლებამ კლუბი, სტადიონი და გრიგოლეთის ბაზა სიმბოლურად ფასად მიჰყიდონ ინვესტორს.
_ ამბობს კი არა, თუ ეხმარება?
_ როგორც ვიცი, ბურთები გადასცა ამ ცოტა ხნის წინ.
_ (ირონიულად გაეცინა) ბურთები შველის საქმეს?! ქართული ფეხბურთი იღუპება! კი, ბატონო, დღეს იუბილეა და 12 ნოემბერი "გურიასთვის" მნიშვნელოვანი თარიღია, მაგრამ "გურიამ" უფრო მნიშვნელოვანი რამ 1990 წლის 15 თებერვალს გააკეთა, როცა წყდებოდა ეროვნული ჩემპიონატის ბედი! "დინამო" მაშინ ყოყმანობდა, უარზე იყო, სსრკ-ის პირველობაზე სურდა თამაში და ჩვენ, "გურიის" ფეხბურთელებმა შევაგროვეთ ხელმოწერები _ თუ ეროვნულ ჩემპიონატში არ ვითამაშებდით, გუნდს ვტოვებდით. ხელი 11-მა ფეხბურთელმა მოაწერა! სხვები სად იყვნენ, რატომ არ მოაწერეს ხელი? იმიტომ, რომ ეშინოდათ! "კაგებე" მუშაობდა... თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო" და ბათუმის "დინამოც" აფხაზეთში იყვნენ შეკრებაზე _ ყველა მათგანში იყო თითო-ოროლა ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი, მაგრამ გვითხრეს _ მხარს კი გიჭერთ, თუმცა ხელს ვერ მოვაწერთ, დედას გვიტირებენო. შიში უნდა გადავლახოთ! სხვანაირად არაფერი გამოვა. ჩვენ ოპოზიციაში ვართ დღეს, მაგრამ გვჯერა, რომ სიმართლე იზეიმებს. ჩემი გუნდი ოპოზიციაშია ქვეყნისა და ქართული ფეხბურთის მტრებთან, თორემ ყველა კარგ საქმეს მხარს ვუჭერთ.
ჩვენ, ლანჩხუთის "გურიას" ვეტერანი ფეხბურთელები მხარს ვუჭერთ ბატონ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით. ღრმად გვწამს, რომ ბატონი ივანიშვილის გარშემო ჯანსაღი ძალების გაერთიანება შესაძლებელს გახდის პოლიტიკური პროცესების კოორდინირებულ მართვას და ერთობლივი ძალისხმევით სახელმწიფოს განვითარების ოპტიმალური მოდელის შემუშავებას. ჩვენ, ლანჩხუთის "გურიას" ფეხბურთელებმა, 1990 წელს, გადამწყვეტი სიტყვა ვთქვით ეროვნული ჩემპიონატის დამოუკიდებლად ჩატარების საკითხის განხილვის დროს. დღეს კი, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის 21-ე წლისთავზე, სამწუხაროდ, ვერაფრით მოვიწონებთ თავს. ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთა მხრიდან სულ გვესმის საუბარი ერთსა და იმავე პრობლემებზე, რომელთა მოგვარებას ვერა და ვერ დაადგა საშველი _ კვლავ დაბალ დონეზე ტარდება ეროვნული ჩემპიონატი, რეგიონებში ფეხბურთი თითქმის ჩამკვდარია, ბავშვთა ფეხბურთში პრობლემების გადაწყვეტის ნიშანწყალიც კი არ ჩანს და ა. შ. ერთი სიტყვით, სახეზე გვაქვს ქართული ფეხბურთის ღრმა კრიზისი. ჩვენ იმედით შევცქერით მომავალს და გვჯერა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს და მის მიერ დაფუძნებული პარტიის პროგრამაში სათანადო ასახვას ჰპოვებს ქართული სპორტის, სახელდობრ კი, ფეხბურთის რეალური რეფორმა," _ ნათქვამია ვეტერანების სახელით გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.
ხელმომწერთა შორის არიან: "გურიის" ლეგენდარული კაპიტანი თემურ ჩხაიძე, დავით უგრელიძე, კლუბის ცნობილი სახეები არცთუ შორეულ წარსულში: მერაბ მეგრელაძე, გია გილიგაშვილი, მერაბ თევზაძე, მურმან აკოფიანი, ავთანდილ ქანთარია, თემურ ებანოიძე, ლევან მელიქია; უფრო მხცოვანი ვეტერანები: ვახტანგ ქორიძე, ვლადიმერ ახობაძე, მურმან ძაგანია, ზურაბ ნემსაძე; "გურიის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი და მობურთალი ავთანდილ ნარიაშვილი, ანზორ გაბიტაშვილი; თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში თასების მფლობელთა თასის მფლობელი გია თავაძე.
ამ განცხადებას საფეხბურთო კლუბ "გურიას" ადმინისტრაცია გამოეხმაურა: "ძალიან ვწუხვართ, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებიდან 25 წლის იუბილეს, რომელიც მაღალ დონეზე ჩატარდა, გარკვეულმა პირებმა პოლიტიკური ელფერი მისცეს. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ "გურია" აპოლიტიკურია, ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, იუბილის აღსანიშნავ ბანკეტზე არანაირი ხელმოწერების შეგროვება არ მომხდარა! ასევე, ჩვენთვის მიუღებელია, როცა წარსულში "გურიის" ფეხბურთელები ამა თუ იმ პოლიტიკოსის მხარდამჭერ განცხადებას კლუბის ვეტერანთა სახელით აკეთებენ _ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ საფეხბურთო კლუბი "გურია" არ აპირებს ამა თუ იმ პოლიტიკოსის მხარდაჭერას. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, კლუბმა და ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ 12 ნოემბერი "გურიის" ზეიმად ექციათ, რაც გახორციელდა კიდეც _ ღონისძიება განსაკუთრებულად კარგი გამოვიდა. რაოდენ სამწუხაროა, რომ კლუბში ნათამაშები ფეხბურთელების ერთმა ჯგუფმა ამ ღირსშესანიშნავი თარიღისთვის ჩრდილის მიყენება სცადეს," _ ნათქვამია განცხადებაში.
1091
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85