მთავარი პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმეზე განმარტებას აკეთებს

მთავარი პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმეზე განმარტებას აკეთებს

მთავარი პროკურატურა ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე სასამართლო განხილვის დაწყების თარიღის გადადებაზე განმარტებას აკეთებს. 

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 16 მაისს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ირაკლი ფირცხალავას, გურგენ დონაძის, ალექსანდრე გვაზავას, დავით იაშვილის, ზურაბ მიქაძის, ზურაბ ბაქრაძის და ლევან ლობჟანიძის ბრალდების საქმის წინასასამართლო სხდომის ერთი თვით - 30 ივნისამდე გადანიშვნის თაობაზე.

პროკურატურის განმარტებით, ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ი. ფირცხალავს მიერ წარმოდგენილ ვიდეოფირზე გამოძიების მიერ დანიშნულ იქნა ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველში, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კრიმინალური პოლიციის ექსპერტიზის სამსახურში. გამოძიების მიერ მიღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს დასკვნა, რომლის თანახმადაც ბრალდებულ ი. ფირცხალავას მიერ გამოძიებისათვის წარმოდგენილი ვიდეოფირი მიღებულია მონტაჟის წესით.

"საქართველოს პროკურატურა იძულებულია კიდევ ერთხელ განმარტოს, რომ საქმის სასამართლო განხილვის გადადების მოთხოვნის საფუძველი არის მხოლოდ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის კრიმინალური პოლიციის ექსპერტიზების დასკვნების მიღების მოლოდინი. აღნიშნული საექსპერტო დასკვენების მიღების სავარაუდო ვადა მაისის ბოლო - ივნისის დასაწყისია. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით მოითხოვა პროკურატურამ საქმის სასამართლო განხილვის დაწყების თარიღის გადადება. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ არც ერთ პირს დღემდე, ანუ 2013 წლის 16 მაისამდე არ წარმოუდგენია ბრალდებულ ი. ფირცხალავს მიერ წარმოდგენილ ვიდეოფირის კვლევის რაიმე ალტერნატიული დასკვნა. შესაბამისად, გამოძიებას გააჩნია მხოლოდ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს მიერ გაცემული ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური დასკვნები, რომელთა თანახმადაც ი. ფირცხალავას მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილი ვიდეოფირი ერთმნიშვნელოვნად მონტაჟს წარმოადგენს", - აცხადებენ პროკურატურაში.

ამასთან, როგორც საგამოძიებო ორგანოში განმარტავენ, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის კრიმინალური პოლიციის ექსპერტიზების დასკვნების მიღებისთანავე საქმე სასამართლოში განხილვისათვის წარიმართება.

სასამართლოს სხდომის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ საქმეში ბრალდებულებმა გურამ დონაძემ გააკეთა. მისი თქმით, ბუტა რობაქიძის საქმეზე მთავარი პროკურატურა სასამართლო პროცესის გადადებას მეხუთედ ითხოვს.

როგორც ბრალდებულები აცხადებენ, უკვე არაერთი ექსპერტიზაა ჩატარებული იმ ვიდეოკადრებზე, რომლებიც ირაკლი ფირცხალავამ გაავრცელა და ყველა მათგანი, მათ შორის შს სამინისტროს ექსპერტიზა ადასტურებს, რომ კადრები არის უწყვეტი და ავთენტური.

ბრალდებულ გურამ დონაძის თქმით, ისინი ითხოვენ, რომ მალე ჩატარდეს სასამართლო პროცესი.