კობა დავითაშვილი:  პროფესიული გაერთიანების დაფუძნება ხუთ ადამიანს შეეძლება

კობა დავითაშვილი: პროფესიული გაერთიანების დაფუძნება ხუთ ადამიანს შეეძლება

დეპუტატი კობა დავითაშვილი პარლამენტს პროფესიული გაერთიანებების შექმნის გამარტივების ინიციატივას შესთავაზებს. 

აღნიშნული ინიციატივის თაობაზე დეპუტატმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის წევრთა ერთმა ნაწილმა "შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებში, შრომით ბაზარზე ერთი კონკრეტული ორგანიზაციის - "პროფკავშირების" მონოპოლიის გაჩენის საფრთხეზე ისაუბრა.

საქმე კანონპროექტით შეთავაზებულ იმ მუხლს ეხება, რომლის მიხედვით, "შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი (დამსაქმებელთა გაერთიანება) და დასაქმებული (პროფესიული კავშირი)".

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, აღნიშნული ჩანაწერი ერთ კონკრეტულ გაერთიანებას მონოპოლიას აძლევს და სხვა გაერთიანებებს შრომით ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას უზღუდავს.

მისივე თქმით, წარმოდგენილი ინიციატივა არათუ გააძლიერებს სხვადასხვა ტიპის პროფესიული გაერთიანების შექმნას, არამედ გააძლიერებს მას, რომელიც ამჟამად არსებობს. ჯაფარიძემ მთავრობასა და კოლეგებს კანონში ამ მიმართულებით უფრო ფართო გაგების მუხლის ჩადების წინადადებით მიმართა.

ზურაბ ჯაფარიძის პოზიციას მხარი დაუჭირა როგორც მისმა თანაგუნდელმა გიგი წერეთელმა, ასევე ჯანდაცვის კომიტეტის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძემ განმარტა, რომ კანონმდებლობაში "პროფესიული კავშირის" დაფიქსირებით ძლიერდება არა ერთი კონკრეტული ორგანიზაცია, არამედ "პროფკავშირი", როგორც ორგანიზაციული ფორმა. მისი თქმით, სამართლებრივი ფორმა უნდა იყოს "პროფკავშირი", რომელიც შრომითი ურთიერთობების დაცვაზე იზრუნებს.

ანალოგიურად ფიქრობს უმრავლეობის წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი. მისი თქმით, კანონის ეს ჩანაწერი არ გულისხმობს იმას, რომ პროფკავშირი არის "დელისის" მეტროსთან. მისივე თქმით, არავის არ აეკრძალება შრომითი უფლებების დაცვა.

როგორც აღნიშნულ საკითხზე გამართულ დებატებისას დეპუტატ კობა დავითაშვილისგან გახდა ცნობილი, ის პარლამენტისთვის "პროფესიული კავშირების შესახებ" კანონში ცვლილებების შეთავაზებას აპირებს, რომლის საფუძველზეც, ასეთი გაერთიანების დაფუძნება ხუთ ადამიანს შეეძლება.

"ამით აღნიშნული პრობლემა გადაიჭრება" , - დასძინა კობა დავითაშვილმა.