დეკანოზი თეოდორე: 17 მაისის აქცია ჰომოსექსუალობის პროპაგანდაა და საზოგადოებამ არ უნდა წაუყრუოს

დეკანოზი თეოდორე: 17 მაისის აქცია ჰომოსექსუალობის პროპაგანდაა და საზოგადოებამ არ უნდა წაუყრუოს

ჯვრის ამაღლების ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძის განცხადებით, 17 მაისის აქცია ჰომოსექსუალობის პროპაგანდაა და ამას საზოგადოებამ არ უნდა წაუყრუოს. 

როგორც მამა თეოდორემ პირველი რადიოს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი თვლის, რომ ჰომოსექსუალებს ქვეყანაში არ დევნიან, მათ არ აქვთ პრობლემები კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით და იგი ამდენად არ იზიარებს იმ აზრს, რომ ჰომოსექსუალები ქვეყანაში იდევნებიან. მამა თეოდორე მიიჩნევს, რომ დაგეგმილი აქცია არის ჰომოსექსუალობის პროპაგანდა და ამას საზოგადოებამ არ უნდა წაუყრუოს.

"ამ ადამიანების უკან სერიოზული ლობი, ძალა და ფინანსები დგას, რომლებსაც სურს განავითარონ ეს საქმე ისე, როგორც რიგ ქვეყნებშია", - აღნიშნა მამა თეოდორემ.

მისივე თქმით, როდესაც სასულიერო პირებისათვის ცნობილი გახდა 17 მაისს პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქციის გამართვის შესახებ, სასულიერო პირებმა გადაწყვიტეს არ წაუყრუონ ამ პრობლემას და ერთგვარი ბუფერი გააკეთონ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც აქციას მართავენ და რომლებიც იქ ამ აქციის გასაპროტესტებლად მივლენ, რათა ადგილი არ ჰქონდეს ძალადობას და დაპირისპირებას.

მამა თეოდორე მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა და არაბუნებრივი მდგომარეობა. იგი თვლის, რომ ეს გადამდებია და საშიშია მომავალი თაობისათვის. ამასთან, აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალების მიმართ აგრესია, როგორც ადამიანების მიმართ, არ გააჩნიათ, რადგან მიიჩნევს, რომ ისინიც მსხვერპლნი არიან. დეკანოზის თქმით, ეს ცოდვაა და ისეთივე დამღუპველია როგორც სხვა ცოდვები.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დეკანოზმა თეოდორემ განაცხადა, სასულიერო პირები მრევლთან ერთად ხვალ, 11:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან, იქიდან დაიწყება მსვლელობა პარლამენტის ყოფილ შენობისაკენ, სადაც სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანები აპირებენ აქციის გამართვას.

მამა თეოდორეს თქმით, მათი მსვლელობა და აქცია იქნება მდუმარე და მშვიდობიანი.