მალხაზ ველიჯანაშვილი პროკურატურას და ეკა ბესელიას მეგის ქარდავას უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

მალხაზ ველიჯანაშვილი პროკურატურას და ეკა ბესელიას მეგის ქარდავას უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, მეგის ქარდავას ადვოკატი პროკურატურას, სახალხო დამცველსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს. 

ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი განცხადებას ავრცელებს:

"ბოლო პერიოდში საზოგადოების და მასმედიის დიდ ინტერეს იწვევს სექსუალური უმცირესობების ფარულად გადაღებული კადრები, რასთან დაკავშირებითაც როგორც პროკურატურა აცხადებს, მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენს აღშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ პროკურატურამ თავის მოხსენებაში აღნიშნული ქმედების ორგანიზატორად მოიხსენია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მეგის ქარდავა ისე, რომ იგი პასუხისგებაში მიცემული არც მაშინ არ ყოფილა და არც დღეს არ არის. აღნიშნული უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტის გამო, მე, მივმართე სახალხო დამცველს ბატონ უჩა ნანუაშვილს 3 თვის წინ, მაგრამ სახალხო დამცველისგანაც უფლების დარღვევა დარჩა რეაგირების გარეშე.

ყველაზე მეტად ჩვენი გაკვირვება და აღელვება კი გამოიწვია იმ ფაქტმა, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრი და ამავდროულად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არღვევს ადამიანის უფლებებს, მაშინ როდესაც სწორედ იგია ვალდებული დაიცვას საქართველოს თვითოეული მოქალაქის უფლება, კერძოდ, ეკა ბესელიამ 2013 წლის 14 მაისს "რუსთავი 2"–ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, რომ მეგის ქარდავა უზრუნველყოფდა ფარული ჩანაწერების მოპოვებას და ბრალი აქვს წარდგენილი მას ამ ფაქტთან დაკავშირებით. სწორედ აღნიშნული განცხადებით უფლებათა დამცველმა ეკა ბესელიამ მეგის ქარდავასთან მიმართებაში დაარღვია კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლება – უდანაშაულობის პრეზუმფცია და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე (ვინაიდან მას დღემდე ბრალი არ აქვს წარდგენილი აღნიშნულ ფაქტზე) მოიხსენია დანაშაულის ორგანიზატორად, რაც დაუშვებელია თითოეული ადამიანის მხრიდან, განსაკუთრებით კი, უფლებადამცველი ეკა ბესელიას მხრიდან. აღნიშნული ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს", - აღნიშნულია განცხადებაში.