"იმ შემთხვევაში, თუ ასაფრენ ზოლზე კატასტროფა მოხდა, ეს პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხი იქნება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კარბელაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ზოლზე კატასტროფის ალბათობაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

ამის შესახებ კარბელაშვილმა "პირWელს" 14 მაისის პრეს-კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვით, თურქული კომპანია "ტავის" მართვაში არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლი კატასტროფულია და ასფალტი იყრება.

ასაფრენ ზოლთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს ადასტურებს გიორგი კარბელაშვილიც, თუმცა აცხადებს, რომ ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა, რომელიც გასული წლის აგვისტოში უნდა დაწყებულიყო და ერთ წელიწადში დასრულდებოდა, პირობების არმოწონების გამო, ახალმა მთავრობა გააჩერა.

საქმე იმაშია, რომ მთავრობის შეცვლამდე, 2012 წლის 5 სექტემბერს, 65 მლნ აშშ დოლარის ინვესტირების სანაცვლოდ, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია "ტავ ჯორჯიას" თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა და პრეზენტაციას ეკონომიკის ყოფილ მინისტრ ვერა ქობალიასთან ერთად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.

თუმცა ახალმა მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე სახელმწიფომ ასაფრენი ზოლის მშენებლობა თავის თავზე აიღოს და "ტავ ჯორჯიას" ოპერირების ვადა 10 წლით არ გაუგრძელოს.

ამასთან დაკავშირებით, კარბელაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ასაფრენ ზოლზე კატასტროფა მოხდა, ეს პირდაპირ პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საგანი იქნება.

"ასაფრენ ზოლთან დაკავშირებით მე მოვისმინე პრემიერის განცხადება. ჩვენ მაშინ სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვეთ და გასული წლის აგვისტოში დაიწყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა, რომლის პროექტირება გრანტის სახით, ფრანგულმა კომპანიამ გაგვიკეთა. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო იყო დაახლოებით, 45-დან 65 მლნ აშშ დოლარი; სახელმწიფომ ვერ გამონახა ეს თანხა და მოლაპარაკება დაიწყო "ტავ ჯორჯიასთან". მე შეიძლება სულაც არ მეხატება "ტავი", მაგრამ ის იქ არის. აქედან გამომდინარე, "ტავმა" მოითხოვა აეროპორტის მართვის ათი წლით გაგრძელება. ჩვენ კი მოვითხოვეთ, ასაფრენი ზოლის აშენება და კიდევ აეროპორტის გაფართოება, როდესაც 2 მლნ მგზავრზე ავიდოდა; კიდევ რაღაც პირობები ჩავუდეთ. ესეც კი შეაჩერეს. შეიძლება, ახალ ხელისუფლებას პირობებია არ მოეწონა და გააჩერა, მაგრამ თუ აჩერებენ, ახალი ვარიანტი ხომ უნდა შემოგვთავაზონ?! ან უნდა გამოისყიდო "ტავისგან" აეროპორტის მართვა, თუ ებრძვი ამ კომპანიას და დღესაც ჩანს, რომ "ტავს" პირდაპირ ებრძვიან ან სხვა გზა გამონახო. მეც არ მომწონს აეროპორტის შენობა, მაგრამ რა უნდა ქნა?! თუ ამდენი შემოსავალი აქვთ, მართვა გამოისყიდონ "ტავისგან", - განაცხადა კარბელაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე - თურქულ "ტავთან" ხელშეკრულება სწორედ წინა ხელისუფლებამ დადო და შესაბამისად, პირობებზე გარკვეულწილად წინა მთავრობის პასუხისმგებლობაც იკვეთება, მინისტრის ყოფილი მოადგილე ამას არს უარყოფს.

"მართალი ხართ. მაშინ აღვძრათ სისხლის სამართლის საქმე. "ტავთან" ხელშეკრულებას ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას დროს მოეწერა ხელი. თუმცა პიროვნებებზე არაა უკვე საუბარი. ეს გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფომ; სწორად მოიქცა თუ ცუდად, ამაზე შეუძლიათ, იჩივლონ, მაგრამ თვითონ რაღაც ხომ უნდა გააკეთონ?! იმაზე საუბარი, რომ რაღაც ცუდად გაკეთდა, რაღაც წამგებიანია, ეს არაა გამოსავალი. ძალიან ცუდი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას და არის რეალური საშიშროება, რომ დღეს არსებულ ასაფრენ ზოლზე, რომლითაც მილიონობით ადამიანი სარგებლობს, მოხდეს კატასტროფა. ეს იქნება პირდაპირ იმის სისხლის სამართლის დანაშაული, ვინც შეაჩერა იმ ასაფრენი ზოლის მშენებლობა, რომელიც აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო და ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. წარმოიდგინეთ, ხვალ რომ ტრაგედია მოხდეს ასაფრენ ზოლზე და ამის საშიშროება არსებობს, ვინ იქნება დამნაშავე?! პირდაპირ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. როცა ჰკითხავენ, რატომ შეაჩერეო? რას უპასუხებს – "ტავი" არ მომწონდაო? გასაგებია, თუ არ მოსწონდათ მაშინ, თვითონ ჩადონ 45 მლნ. 7 თვე გავიდა და რა გააკეთეს?!", - აცხადებს კარბელაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ვისაც ეკონომიკა ესმის, იცის, რომ ახალი მთავრობის მოსვლიდან 7 თვეში ეკონომიკის აღორძინება შეუძლებელია".

ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ვისაც ეკონომიკა ესმის, იცის, რომ ახალი მთავრობის მოსვლიდან 7 თვეში ეკონომიკის აღორძინება შეუძლებელია. ეს არის აბსურდი. რა მოლოდინი იყო, რომ 7 თვეში ეკონომიკა აღორძინდებოდა?! ბაქრაძესთან პოლემიკა მე გავაჟღერე მედიაში, რომ ვიცით, ეკონომიკა 7 თვეში ვერ აღორძინდება, მაგრამ სათქმელად კარგიაო. ძალიან წარმატებული გუნდი მყავს, მათ შორის გიორგი კვირიკაშვილი. გუშინ მქონდა თათბირი ეკონომიკურ ჯგუფთან და ძალიან ფართოა სპექტრი, რითაც არის დაკავებული ეკონომიკის სამინისტრო. მაგალითად, არის აეროპორტის თემა, რომელსაც მართავს თურქული კომპანია "ტავი", ასაფრენი ზოლი არის კატასტროფული. მე თვითონ დავფრინავ ბევრს და რამდენჯერმე დაენარცხა თვითმფრინავი, ისეთი ხმა აქვს. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წახვიდეთ, ასეთი ზოლით არ სარგებლობენ, ასფალტი იყრება. რთული დასალაგებელია ძალიან. ამის მსგავსი ბევრი შეკითხვები აქვს, იგივე ზღვაზე მშნებლობაზე და ჩინელების თაობაზე, რაზეც საზოგადოებაში დიდი შფოთი არსებობს. აი, ამის მსგავსი საკითხებით დიდი დრო და შრომატევადი საქმე აქვს. ძალიან შრომისმოყვარე, ძალიან კარგი კაცია კვირიკაშვილი, მე ძალიან მიყვარს ყველა მინისტრი, ასეთივეა ხადურიც და წარმატებით ართმევს თავს თავის ფუნქციებს. მე მგონი კარგი მინისტრები გვყავს, კონკურსი მათ შორის ტყუილად არ არის. ამ კონკურსებზე მარგველაშვილი საოცრად პასუხობს, რომ გამოვასწორებო, რა უნდა გამოასწოროს მე არ ვიცი, ვფიქრობ, ძალიან კარგი მინისტრი იყო. განსხვავები, რაც აქვს მარგველაშვილს და შეიძლება, არ აქვს სხვა მინისტრებს, მას აქვს სახელმწიფოებრივი ხედვა და აკეთებს ანალიზს და სახელმწიფოს გამზადებული ხელმძღვანელია", - განაცხადა ივანიშვილმა.