"აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფანი სტრატეგიული საკითხია და ის დიდად განსაზღვრავს საქართველოს და ჩვენი რეგიონის როლს გლობალურ ეკონომიკაში.

საქართველოს აქვს სურვილი და შესაძლებლობა იყოს ძლიერი შემაკავშირებელი რგოლი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის კონფერენციის დღევანდელი თემა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკითხები სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად განიხილება.

"აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფანი სტრატეგიული საკითხია და ის დიდად განსაზღვრავს საქართველოს და ჩვენი რეგიონის როლს გლობალურ ეკონომიკაში. საქართველოს აქვს სურვილი და შესაძლებობა იყოს ძლიერი შემაკავშირებელი რგოლი დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში. ჩვენი მიზანია, თანამედროვე სავაჭრო-სატრანზიტო ცენტრის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვაჭრობას. სატრანზიტო დერეფნის განვითარება ბუნებრივად არის საქართველოს სტრატეგიული ინტერესი. გლობალურ ეკონომიკაში მყარი პოზიციის მოსაპოვებლად ჩვენ აუცილებლად უნდა ვითამაშოთ როლი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვაჭრობის განვითარებასა და ტრანზიტის ზრდის პროცესში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებობა და სურვილი წარმატებით შეასრულოს სავაჭრო სატრანზიტო დერეფნის დამაკავშირებელი ძირითადი ლოჯისტიკური ცენტრის ფუნქცია და ამისთვის ყველა ღონეს გამოიყენებს.

"ამ ფუნქციის წარმატებით განხორციელებისთვის ჩვენ უნდა მივაღწიოთ წარმატებას სამი მიმართულებით – გავაუმჯობესოთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოთ მიმზიდველი ბიზნესგარემოს შექმნა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესს საჭირო სექტორების განვითარებაში, ასევე გვქონდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენს მეზობლებთან საერთო პროექტების განსახორციელებლად, ფიზიკურ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტირება ჩვენი პრიორიტეტია. ინვესიტიცები მოიცავს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას და ამ მიმართულებით გრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა, ასევე რკინიგზის განვითარება და ამ მიმართულებით ხდება როგორც არსებული რკინიგზის მოდერნიზაცია და ასევე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, მოიცავს საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასაც, ამ მიმართულებით კი ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პორტებისა და ტერმინალების მფლობელებთან", - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბიზნესისთვის კომფორტული გარემოს შექმნა აუცილებელია, რათა განვითარდეს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და სხვა ძირითადი სექტორები, რომლებიც აუცილებელია ტრანზიტის ეფექტური ფუნქციონირებისთვის.

"ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კარგი ბაზა, არ არსებობს წვრილმანი კორუფცია, ახალმა მთავრობამ მთლიანად აღკვეთა ელიტური კორუფცია და ამას მომავალშიც არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ხელსაყრელი საგადასახადო გარემო, დაბალი და მარტივი გადასახადებით, კომპლექსური გადასახედების სიმცირით საქართველო მეოთხე ადგილზეა და ამ გადასახადების რაოდენობა 16% შეადგენს, რაც ძალიან მიმზიდველი უნდა იყოს ყველა ინვესტორისთვის. გვაქვს კარგად გამართული სწრაფი და მოქნილი საბაჟო სისტემა, საზღვრის გადაკვეთის პროცესიც მოქნილი და სწრაფია, გვაქვს ენერგეტიკული ბაზა, რომელიც კიდევ უფრო განვითარდება, ეკონომიკის სექტორებიდან ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველია ენერგეტიკა და ბევრი მსურველია ჰესების მშენებლობისა და ეს პროცესები საქართველოში აქტიურად ვითარდება, ვმუშაობთ რიგი მიმართულებით საქართველოს საკანონმდებლო-ინსტიტუციური ჩარჩოს განვითარებისთვის, მათ შორის ინვესტიციების და საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენი ქვეყანა მზადაა ხელი შეუწყოს ამ დერეფნის განვითარების დაჩქარებას, იყოს ლიდერი ამ პროცესში და მუდამ იზრუნოს ჩვენი საერთო ამოცანების გადასაწყვეტად", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.

კონფერენციის თემაა რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და მას ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ცენტრალური და სამხრეთ აზიის რეგიონში ლინ ტრესიც ესწრება. კონფერენციაზე ასევე იმყოფება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი.