ირაკლი ალასანია - საქართველოს შეირაღებული ძალებისთვის უმძიმესი დღეა

ირაკლი ალასანია - საქართველოს შეირაღებული ძალებისთვის უმძიმესი დღეა

ზვიად დავითაძემ, ალექსანდრე კვიწინაძემ და ვლადიმერ შანავამ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის გაწირეს თავი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განაცხადა.

ირაკლი ალასანია ვაზიანის ბრიგადაში ქართველი სამხედროების ჩამოსვენებასა და საქართველოში 16 მაისის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით მივიდა. 42-ე ბატალიონი, სადაც ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები მსახურობდნენ, სწორედ ვაზიანის ბრიგადის შემადგენლობაში შედის.

ვაზიანში, ისევე როგორც დანარჩენ სამხედრო ბაზებზე, საქართველოს სახელმწიო დროშებიც დაეშვა.

"უმძიმესი დღეა საქართველოს შეირაღებული ძალებისთვის, საქართველოსთვის და განსაკუთრებით მეოთხე ქვეითი ბრიგადისთვის. სამშობლოსგან შორს, სამშობლოს სამსახურში ზვიად დავითაძემ, ალექსანდრე კვიწინაძემ და ვლადიმერ შანავამ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაწირეს თავი. ეს იყო ჩემთვის პირადად დიდი დარტყმა, რადგან ამ გმირ ბიჭებთან ერთად შევხვდი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შირგაზის ბაზაზე, პირადად გავიცანი ისინი. საქართველოსთვის თავის გაწირვა ღირსეულთა ხვედრია. დარწმუნებული ვიყოთ ყველა, რომ ამ ბიჭების თავდადება მიგვიყვანს ერთიან საქართველომდე. ღმერთი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მფარველი",-განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანია ვაზიანის სამხედრო ბაზიდან თბილისის საერთასორისო აეროპორტში გაემგზავრა, ქართველ ჯარისკაცებს ჩამოასვენებენ.

აეროპორტიდან დაღუპულ მებრძოლებს ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.