"დანაშაულის შესახებ საჯარო განცხადებაზე გამოძიების დაწყება სავალდებულოა"

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის კახი კახიშვილის განცხადებით, დანაშაულის შესახებ საჯარო განცხადებაზე გამოძიების დაწყება სავალდებულოა.

ამის შესახებ კახიშვილმა დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში "ქრონიკა პლუსის" რედაქტორის ელისო კილაძის მიერ გასაჯაროებული აუდიო-ჩანაწერის შეფასების განაცხადა, რომელშიც, ჟურნალისტის თქმით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლის გია ხუხაშვილის ბიზნესინტერსებზე საუბრობს.

"არ მესმის, საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადების იმის თაობაზე, რომ ამ ფირის შესწავლის საფუძველი არ არსებობს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101 მუხლი აცხადებს, რომ თუ საჯაროდ გაკეთდა განაცხადი დანაშაულის შესახებ, სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულები არიან, დაიწყონ საკითხის შესწავლა. როდესაც ეს ჩანაწერი პრესკონფერენციაზე გავრცელდა, პირველი, რაც მთავარ პროკურატურას უნდა გაეკეთებინა, უნდა მისულიყო ელისო კილაძესთან და ეს ფირი მოეთხოვა; უნდა მომხდარიყო ფირის ამოღება და დაკითხვა როგორც კილაძის, ისე ყველა იმ პირის, ვინც აღნიშნული ჩანაწერის შესახებ საუბრობდა. უნდა გაერკვიათ, როგორ, რა ვითარებაში გაკეთდა ჩანაწერი, ვინ გადასცა ის აღნიშნულ პირებს და ა.შ. ამის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა ფირის ავთენტურობის დასადგენად", - განაცხადა კახიშვილმა.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჩანაწერი ბევრ კითხვას აჩენს.

"თუ დადგინდა, რომ შს მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც უშიშროებას კურირებს, საუბრობს ვიღაცის ინტერესებზე ბიზნესის ლობირების კუთხით, ეს გამოძიებისთვის საინტერესო უნდა იყოს", - აღნიშნა კახიშვილმა.

რაც შეეხება არგუმენტს, რომ ფირი არაკანონიერად არის მოპოვებული, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ის უსაფუძვლოა, რადგან მოქალაქე ფარულ ჩანაწერს კანონიერად ვერ გააკეთებდა.