რეფორმის მეორე ტალღა იუსტიციის უმაღლეს სკოლას შეეხება

რეფორმის მეორე ტალღა იუსტიციის უმაღლეს სკოლას შეეხება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რეფორმის მეორე ტალღას იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გეგმავს. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის უნდა გახდეს ნამდვილი სკოლა, რომელიც სიმართლის მსახურ მოსამართლეებს გაზრდის.

"უკვე ვგეგმავ რეფორმის ახალ ტალღას, რომელიც იუსტიციის უმაღლეს სკოლას შეეხება. უახლოეს დღეებში მე სკოლის ხელმძღვანეობას შევხვდები და დავგეგმავთ, რას გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ნამდვილი სკოლა, სადაც მოსამართლეები გახდებიან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სიმართლის მსახურები", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, "სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ხელმოსაწერად პრეზიდენტთან დევს, ითვალისწინებს იმას, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი კომიტეტის ხელმძღვანელი აირჩიოს.

"მას ეყოლება ახალი ხელმძღვანელი. რაც შეეხება დირექტორს, ეს არის ადამიანი, რომელიც წლებია ამ სკოლას და მოსამართლეებს მოჰყვება, უბრალოდ, მას სჭირდება კანონი და ხელშეწყობა, რომ სკოლა დაამსგავსოს სკოლას. სწორედ ამაზე გვექნება მე და შოთა რუხაძეს ამ დღეებში საუბარი", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რაც შეეხება უშუალოდ მოსამართლეთა კონფერენციას, წულუკიანს მასთან მიმართებაში "ოპტიმისტური მოლოდინი" აქვს.

"კონფერენციისადმი მაქვს ძალიან დიდი და ოპტიმისტური მოლოდინი. ვფიქრობ, საქართველოს მოსამართლეები, ვინც აცნობიერებენ, რომ სიტყვა "მოსამართლე" ნიშნავს "ღირსებას", აირჩევენ სწორედ ღირსეულ და დამოუკიდებელ წარმომადგენლებს იუსტიციის საბჭოში. დღეს ჩატარდება თუ ხვალ ეს არჩევნები, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველოს ეყოლება სრულიად ახალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იუსტიციის საბჭო", - დასძინა წულუკიანმა.