ჩიორა თაქთაქიშვილი:  ბიძინა ივანიშვილი საქართველოში კოსოვოს მოდელისათვის ემზადება

ჩიორა თაქთაქიშვილი: ბიძინა ივანიშვილი საქართველოში კოსოვოს მოდელისათვის ემზადება

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში კოსოვოს მოდელისათვის ემზადება. 

ასე ხედავს ოპოზიციონერი დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების მიზნით შექმნილი კომისიის ამოცანებს.

"აღშფოთებული ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც უკავშირდება ხელახლა გაცოცხლებას იმ გამოძიებისა, რომელიც დაიწყო უშუალოდ აგვისტოს ომის შემდგომ დღეებში და უკავშირდება რუსეთის აგრესიის შედეგად გამოვლენილ სამხედრო დანაშაულებს. საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა ამ პროცესის განახლება, ძალიან საინტერესოა. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ჯერ ჩვენ ვისმენდით პრემიერ-მინისტრისგან ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ომი საქართველომ დაიწყო, ვისმენდით "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატისგან აბსურდულ ბოდვას იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე, საქართველო შეიჭრა რუსეთის ტერიტორიაზე და წაართვა ტერიტორიები და მას ამის ამბიცია ჰქონდა სამხედრო ძალით. ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პრემიერ-მინისტრი აგრძელებს იგივე პოზიციის განმეორებას. იუსტიციის მინისტრი, რომელიც იმავდროულად არის პიროვნება, რომელმაც დააკავა საქართველოს ეროვნული გმირი, ბატონი გიგი კალანდაძე, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ებრძოდა რუსეთის არმიას სწორედ აგვისტოს ომში, იმეორებდა დაჟინებით, რომ თურმე ომი დაიწყო საქარველომ და ეს გამოძიებაც თურმე საჭიროა იმისთვის, რომ სამართლებრივად დადგინდეს, დადასტურდეს ის, რომ ომი დაიწყო საქართველომ. საერთაშორისო სამართლით ომს არ იწყებს კონკრეტული პირი. მესმის, რომ თქვენ გამოძრავებთ ზიზღი, აგრესია ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ, ეს აქ გამოთქმულ განცხადებებშიც დაფიქსირდა, მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონი წულუკიანის და სხვების რევანშისტული ვნებების დაკმაყოფილება, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო იქნება დადანაშაულებული ომის დაწყებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ექნება ვალდებულება, აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. შემთხვევითი არ არის, რომ პრემიერ-მინისტრმა "ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ დიახ, ის ამისთვის ემზადება. ის ემზადება იმისთვის, რომ კოსოვოს მაგალითი, რომელიც არის საპირისპირო მაგალითი საქართველოსთან შედარებით, საპირისპირო არის იმიტომ, რომ კოსოვოში, კოსოვოს მოსახლეობა იყო მსხვერპლი აგრესიისა, ზუსტად ეს მაგალითი გამოიყენოს და დაადასტუროს, რომ ჯერ საქართველომ განახორციელა აგრესია 2008 წლის ომის დროს და შემდგომში სწორედ სამხეთ ოსეთის და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმებს აქვთ დამოუკიდებლობის უფლება. სწორედ ამას ემსახურება დღეს ოკუპაციის კანონის განხილვაც და გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ იმ სავალალო შედეგებზე, რომელიც თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეიძლება, მოყვეს" - განაცხადა თაქთაქიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.