კოტე კუბლაშვილი სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედებას უახლოეს ორ დღეში ელოდება

კოტე კუბლაშვილი სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედებას უახლოეს ორ დღეში ელოდება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედებას უახლოეს ორ დღეში ელოდება. 

როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, მოსამართლეთა კონფერენციის თარიღზე შესათანხმებლად ადმინისტრაციულ კომიტეტს შეკრება მიმდინარე კვირის განმავლობაშივე შეეძლება.

"ყველა ველოდებით, როდის ამოქმედდება ის ცვლილებები, რომლებიც მიიღო პარლამენტმა. სავარაუდოდ, ეს ამ კვირის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს – ხვალ, ზეგ ან შაბათს, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ მისი ამოქმედების ვადამ გადაიწიოს", - აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტმა კანონზე ხელმოწერაზე შესაძლოა უარი თქვას და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს, კუბლაშვილის თქმით, "ის პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა".

"მე არ ვერევი პოლიტიკურ პროცესებში და თუკი ვინმეს აქვს ამის სურვილი, ბუნებრივია, კონსტიტუციით მინიჭებული უფლება უნდა გამოიყენოს და ეს გააკეთოს. სწორედ ამიტომ, მე ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გეტყვით, როდის ჩატარდება კონფერენცია, თუმცა მთავარია კანონი ამოქმედდეს, რის შემდეგაც უკვე ადმინისტრაციულ კომიტეტს შეეძლება კონფერენციის თარიღის დასაზუსტებლად შეკრება. ვფიქრობ, ეს მიმდინარე კვირი პარასკევს ან მომავალი კვირის დასაწყისში – ორშაბათს იქნება შესაძლებელი", - დასძინა კოტე კუბლაშვილმა.