"ვფიქრობ, საქართველო გააკეთებს არჩევანს პატრიოტების და არა რენეგატების სასარგებლოდ"

საპარალამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა დეპუტატებს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის განცხადებები გააცნო, სადაც ის ივანიშვილის რუსეთთან შეთანხმებულ პროექტად მიიჩნევს.

ამის შესახებ წიკლაურმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"რამდენიმე ამონარიდი მინდა, გაგაცნოთ ინტერვიუდან: "ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოსვლა რუსეთის სახელისუფლებო წრეებში შეთანხმებული პროექტია"; "ივანიშვილი წარმოადგენს რუსეთის ხელისუფლების ქართულ პოლიტიკაზე ზემოქმედების მშვიდობიან და პოზიტიურ ვარიანტს"; "რუსეთი გვთავაზობს, უფრო სწორად, ცივილიზებულ სამყაროს სთავაზობს ე.წ. Soft Power Solution-ს, არა ტანკებით, არამედ ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენას მისთვის მისაღები ძალით"; "ივანიშვილი საინტერესოა ჩემთვის მაშინ, თუკი ის ქართულ პოლიტიკაში რუსული პოლიტიკის ცივილიზებული ფორმით წარმომდგენია". კოლეგებო, არ მინდა, იფიქროთ, რომ ეს გამონათქვამები ეკუთვნის ვინმე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და არ მინდა, იფიქროთ ისიც, რომ ეს არის მოგონილი, როგორც იცით ხოლმე თქმა. ეს გამონათქვამები ეკუთვნის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, ბატონ მარგველაშვილს. მის წარდგენას "ქართული ოცნების" კოალიციის წევრების მხრიდან ენით აღუწერელი ქება და დიდება მოჰყვა და ჩემთვის ნიშანდობლივი იყო, რომ კოალიციაში შემავალმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთნაირად დადებითად და ხბოს აღტაცებით შეაფასა ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება. იყო გამონათქვამები, რომ ეს იყო იდეალური ვარიანტი და საუკეთესო კანდიდატი, ვინც კი ჰყავდა კოალიციას. მე მინდა, ვკითხო "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებს, ასევე, "რესპუბლიკელებს", რომლებიც დროს არ გაუშვებენ არასდროს, რომ თავიანთ მისწრაფებებზე თავისუფალი სამყაროს მიმართ ისაუბრონ. თქვენ ეთანხმებით ამ ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებს, ეთანხმებით იმას, რომ შეთანხმებული პროექტის ნაწილები ხართ, რომელიც რუსეთმა საქართველოში განახორციელა?! რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ მას შემდეგ, რაც ასეთი ქება-დიდება მოისმინა, მარგველაშვილი უფრო შორს წავიდა და მითითება მისცა ქართველ ხალხს, რომ "ეს პოზიცია, რაც არსებობს გუნდში, უნდა გაიზიაროს ქართველმა ხალხმა და მხარი დაუჭიროს იმას, რასაც ჩვენ, კოალიცია მათ ვეტყვით და როგორც ჩამოვუყალიბებთ ქვეყნის მომავალს". ვფიქრობ, ეს მართლაც არის უკვე უპრეცედენტო კადნიერება. ასე რომ, ლაპარაკი იმაზე, პრორუსულია თუ პროდასავლურია "ქართული ოცნება", ამაზე საუბარი ზედმეტია. ეს ციტატები კარგად ცხადჰყოფს ყველაფერს. ამიტომ, ამიერიდან ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს ის საგარეო პოლიტიკურ კურსს თუ სოჭის ოლიმპიადაზე გავემგზავრებით და უთავმოყვარეოდ მივესალმებით პუტინს, თუ შევადარებთ საქართველოს სერბეთს – ეს არის დილემა და ეს არის არჩევანი საქართველოს წინაშე. მე ვფიქრობ, საქართველო გააკეთებს არჩევანს პატრიოტების და არა რენეგატების სასარგებლოდ", - განაცხადა წიკლაურმა.