გიორგი ფარესიშვილი გელა ხვედელიძეს და შსს-ს სასამართლოში უჩივის

გიორგი ფარესიშვილი გელა ხვედელიძეს და შსს-ს სასამართლოში უჩივის

ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს და თავად შს სამინისტროს სასამართლოში უჩივის და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. 

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად გიორგი ფარესიშვილმა განაცხადა, თუმცა თანხის ოდენობა არ დააკონკრეტა, რადგან აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ის იურისტებთან გაივლის კონსულტაციას.

გიორგი ფარესიშვილის თქმით, მას იურიდიულ დახმარებას ამ საკითხში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაუწევს და სარჩელის მომზადებაშიც სწორედ ეს ორგანიზაცია დაეხმარება მას.
ამასთან გიორგი ფარესიშვილმა შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის დაკავება შეფასა. მისი თქმით, გელა ხვედელიძის დაპატიმრება, არის სამართლიანობის ზეიმის პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი იქნება ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან ჩამოცილება და იმ ბიზნესინტერესებისა და ბიზნესკლანის გამოძიება, რომელიც მოქმედებდა ქართული კვერცხისა და ქათმის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ასევე გამოსაძიებელია ვინ უწყობდა ხელს უვარგისი კვერცხის იმპორტის შემოსვლას საქართველოში.

ფარესიშვილის ინფორმაციით, გია ხუხაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის ბიზნესინტერესებთან დაკავშირებით მას ინფორმაცია თავად ბიზნესმენებმა მიაწოდეს, რომელთა ვინაობას გამოძიებასთან მას შემდეგ დაასახელებს, რაც ლაშა ნაცვლიშვილი ჩამოცილებული იქნება თანამდებობიდან.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციაც იქნება გამოძიებული, რადგან სწორედ გელა ხვედელიძე აფარებდა ხელს კონკრეტულ პირებს და ხელს უშლიდა ამ სპეცოპერაციის გამოძიებას.

რაც შეეხება უშუალოდ ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, მისი თქმით, ის ვერ უარყოფს და არსებობს დიდი ეჭვი, რომ ეს ფაბრიკაცია სწორედ ნაციონალების დროს ყოფილიყო გაკეთებული, რადგან მასზე ძალიან დიდი იყო კუდ-ის ზეწოლა.

"აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ მინიმუმ ნაცვლიშვილი ჩამოცილებული იქნას თანამდებობიდან", - აღნიშნა ფარესიშვილმა.