საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი შს მინისტრის პირველ მოადგილის დაკავების ფაქტს მიესალმება, თუმცა აინტერესებს რატომ აფარებდა ხელს გელა ხვედელიძეს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კანდელაკმა განაცხადა, თავისთავად ის, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების გამო მოხდა მაღალი თანამდებობის პირის დასჯა, ნამდვილად მისასალმებელი და კარგი ფაქტია.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, რჩება კონკრეტული, ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვები. კერძოდ, კანდელაკის თქმით, საინტერესოა მთელი ამ ხნის განმავლობაში რატომ შეჰყავდა პრემიერ-მინისტრს საზოგადოება შეცდომაში ამ საკითხთან დაკავშირებით და რატომ აფარებდა ის ხელს გელა ხვედელიძეს. მისივე თქმით, ამავე დროს თუ სანდოა ჟურნალისტ ფარესიშვილის მიერ ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის მხილება, რატომ არ არის მის მიერვე მხილება სანდო სხვა პირების მიმართ, კერძოდ, ლაშა ნაცვლიშვილისა და გია ხუხაშვილის მიმართ.
"სამივე ამ პიროვნებას მან თანაბრად დაადო ხელი. ასევე დღევანდელი ჩანაწერების გამოქვეყნება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მიუკერძოებელი გამოძიების ბოლომდე მიყვანის აუცილებლობას", - განაცხადა კანდელაკმა.
მისივე თქმით, ამავე დროს რჩება სხვა კითხვებიც. კერძოდ, რატომ ჭიანურდება მთელი ამ ხნის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწის საქმე, რომლის დაშანტაჟებას ცდილობდნენ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. კანდელაკის თქმით, ამის გამო ამ ხნის განმავლობაში არავინ დასჯილა, არადა, არანაკლებ მძიმე და სერიოზული საკითხია სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა.