შვედეთში საქართველოს საელჩო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტების ნოდი ტატიშვილისა და სოფი გელოვანის მხარდასაჭერ მიღებას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერმა ნათია უზნაძემ აცნობა, მიღება საფესტივალო ქალაქ მალმოში გაიმართება და 150 ადამიანია მიწვეული.
სოფი და ნოდი დამსწრე საზოგადოების წინაშე საკონკურსო სიმღერის გარდა, საკუთარი რეპერტუარიდანაც შეასრულებენ სიმღერებს.
საქართველოს საელჩოს მიღებაზე "ევროვიზიაზე" აკრედიტირებული ჟურნალისტებიც დაესწრებიან. მაყურებელი კი ქართველი კონკურსანტების შეფასებას 16 მაისს მეორე ნახევარფინალში შეძლებს.
ნათია უზნაძის ინფორმაციით, საკონკურსოდ სოფის და ნოდის კოსტიუმები ავთანდილ ცქვიტინიძემ შექმნა. ქართული დუეტის საკონცერტო ჩაცმულობამ ჟურნალისტებში ფურორი მოახდინა. სცენოგრაფია ლაშა ონიანს ეკუთვნის, სიმღერის ავტორი შვედი კომპოზიტორი ტომას ჯეისონია.