გელა ხვედელიძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

გელა ხვედელიძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძეს, რომელიც ე.წ. მოდულის შენობაშია მოთავსებული, ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. 

გელა ხვედელიძეს ამ დრომდე ბრალი ოფიციალურად არ აქვს წაყენებული. ჯერჯერობით, მედიის წარმომადგენლებისთვის უცნობია თუ ვინ დაიცავს მის ინეტერესებს და როდის მოხდება კონკრეტულად ბრალის წარდგინება. კანონით გათვალისწინებულია, რომ დაკავებიდან 48 საათში ბრალი ოფიციალურად უნდა წარუდგინონ.

გელა ხვედელიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

შს მინისტრის მოადგილე ბრალდებულია ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა წინა ხელისუფლების პირობებშია გადაღებული, თუმცა მისი გავრცელება მოხდა შს მინისტრის მოქმედი მოადგილის მეშვეობით.

გელა ხვედელიძე გუშინ დააკავეს. იგი "მოდულის" შენობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში წუხელ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა.