ვაკის პოლიციამ თიკო სადუნიშვილი და ია ფარულავა დაკითხა

ვაკის პოლიციამ თიკო სადუნიშვილი და ია ფარულავა დაკითხა

კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვაკის პოლიციაში თიკო სადუნიშვილი და ია ფარულავა დაიკითხნენ. გარდა ამისა, პოლიციაში ის პირებიც დაკითხეს, რომლებიც ჩხუბს შეესწრნენ ან ინციდენტში მონაწილეობდნენ. მათ შორის - მანანა გიორგიბიანიც, იგი მომხდარში მთაწმინდის გამგებელს ნიკოლოზ მელიას ადანაშაულებს. 

როგორც გიორგობიანი აცხადებს, მთაწმინდის გამგებელი სისტემატურად მიდიოდა მათ სუფრასთან.

"ის მოდიოდა, ხან გამარჯობით, ხან თავხედურად, ხან ჩვენთან ერთად მყოფ გოგოს უშნოდ გაედო, შემდეგ ბიჭებს უშნოდ შემოარტყა მხარზე ხელი, დამამცირებლად, რაზეც მამუკა ბაკურიამ უთხრა, რომ ასე ფამილარულად ნუ გვექცევითო. ამის შემდეგ დაიწყო შეურაცხყოფები. მელიასთან ერთად მყოფმა ადამიანმა ყელით მათრია და აუცილებლად გავარკვევ ვინ არის", - იხსენებს გიორგობიანი.

საპირისპიროს აცხადებს ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი, რომლის ინფორმაციით, არავის მხრიდან შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

"არ მეგონა საქართველოში თუ ოდესმე გავიგებდი ისეთ სიტყვებს, რომ თურმე ვაკე და ვერა მხოლოდ მანანა გიორგობიანის ტერიტორიაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ ტერიტორიაზე გავისეირნოთ, ან კაფეში დავსხდეთ", - აღნიშნა მან.

სამართალდამცავებმა ასევე დაკითხეს მსახიობი ია ფარულავა, რომელმაც განაცხადა, რომ კაფედან ადრე წამოვიდა და ძალიან ნანობს, რომ ამ ყველაფერს ვერ დაესწრო.

კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში" ინციდენტი შაბათს მოხდა. შსს-ს ცნობით, რესტორნის ქვედა სართულზე, მაგიდებთან მსხდომ სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს დაშავდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.