ირაკლი ალასანია - კრიმინალთან ბრძოლაში შეურიგებლები ვიქნებით

ირაკლი ალასანია - კრიმინალთან ბრძოლაში შეურიგებლები ვიქნებით

ეს არის ძლიერი სიგნალი იმისა, რომ ასეთ კრიმინალთან ბრძოლაში შეურიგებლები ვიქნებით, - ასე აფასებს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია შს მინისტრის პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძის დაკავებას.

მისივე განმარტებით, "ძლიერი სიგნალის" ადრესატია ყველა – როგორც მაღალჩინოსნები, ისე რიგითი საჯარო მოხელეები.

"ჩვენი ხელისუფლება არ შეურიგდება არც ერთ კანონდარღვევას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების პირად ცხოვრებაში ხელების ფათურს გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ეს არის ძლიერი მესიჯი, ძლიერი სიგნალი ყველასთვის – სამართალდამცავ სტუქტურებში მომუშავე პირებისა თუ საჯარო მოხელეებისთვის და სიგნალი იმისა, რომ ასეთ კრიმინალთან ბრძოლაში შეურიგებლები ვიქნებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის გულდასაწყვეტია, რომ ეჭვმიტანილი სწორედ ის ადამიანია, ვისაც ყველა ვიცნობთ და ვენდობოდით, მაგრამ კანონზე ზევით არავინ უნდა იდგეს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
შს მინისტრის მოადგილე ბრალდებულია ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა წინა ხელისუფლების პირობებშია გადაღებული, თუმცა მისი გავრცელება მოხდა შს მინისტრის მოქმედი მოადგილის მეშვეობით.

გელა ხვედელიძე გუშინ დააკავეს. იგი "მოდულის" შენობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში წუხელ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა. გელა ხვედელიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.