მაისის დღესასწაულებზე „გაზპრომის“ 50–მა თანამშრომელმა საქართველოში დაისვენა

მაისის დღესასწაულებზე „გაზპრომის“ 50–მა თანამშრომელმა საქართველოში დაისვენა

ტურისტული მიზნით საქართველოში „გაზპრომის“ 50–კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა. ტურისტული კომპანია „კავკაზუს თრეველის“ ინფორმაციით, მაისის თვეში რუსეთიდან მათი საშუალებით 100–კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა და მათ შორის 50 დამსვენებელი „გაზპორმიდან“ იყო. ყველაზე ხშირად ვიზიტორები კახეთს, მცხეთასა და თბილისს სტუმრობენ.

ტურისტული კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსი ტურისტების რაოდენობა წელს 70 %–ით გაიზარდა. იზრდება ვიზიტორთა რიცხვი ზოგადად დსთ–ს ქვეყნებიდან. კომპანიის ინფორმაციით, წელს საქართველოსადმი ყაზახი ტურისტების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი დაფიქსირდა.

შეგახსენებთ: ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსი ტურისტების რაოდენობა 90 %–ითაა გაზრდილი, გარდა ამისა, მარკეტინგული კამპანიით საქართველო ყაზახეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდა.

რუსეთიდან და ზოგადად დსთ–ს სივრციდან ტურისტების რაოდენობის ზრდას ადასტურებენ „კონკორდ თრეველშიც“. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რუსი ტურისტების ინტერესში საქართველო ყოველთვის შედიოდა, თუმცა მიმდინარე წელს 2012 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით მათი რიცხვი 60 –70 %–ითაა გაზრდილი.

კომპანიის ინფორმაციითვე, ტურისტების რაოდენობის ზრდა უკრაინის მხრიდანაც შეინიშნება. ვიზიტორების საქართველოში ყოფნის მაქსიმალური ვადა 18 დღეა.