წყლის მოსაკრებლის მხოლოდ „ნაბეღლავისა“ და „ბორჯომისთვის“ გაზრდას ბიზნეს-ომბუდსმენი დისკრიმინაციად აფასებს

წყლის მოსაკრებლის მხოლოდ „ნაბეღლავისა“ და „ბორჯომისთვის“ გაზრდას ბიზნეს-ომბუდსმენი დისკრიმინაციად აფასებს

ბიზნეს-ომბუდსმენი მზადაა, წყლის მოსაკრებლის საკითხში „ნაბეღლავისა“ და „ბორჯომის“ ინტერესები დაიცვას.

შეგახსენებთ, რომ წყლის მოსაკრებლის გაზრდა მხოლოდ ამ ორ კომპანიას შეეხება, რასაც გიორგი გახარია დისკრიმინანაციის ფაქტებად აფასებს. კერძოდ, „აიდიეს ბორჯომი საქართველოს" 1000 ლიტრი ბორჯომის წყლით სარგებლობა 10-დან 30 ლარამდე უძვირდება, ხოლო „ნაბეღლავს“ 6-დან 18 ლარამდე.

როგორც გიორგი გახარიამ „კომერსანტის“ business-club-ში სტუმრობისას, commersant.ge-ს შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, „ნაბეღლავსა“ და „ბორჯომს“ ბიზნეს-ომბუდსმენისთვის არ მიუმართავთ, მიმართვის შემთხვევაში კი ინსტიტუტი მათი ინტერესების დამცველი გახდება.

"ამ კომპანიებს ჩვენთვის არ მოუმართავთ. გასაგებია, რომ ისინი ძლიერი კომპანიები არიან და ჰყოფნით თავიანთი რესურსები. ხოლო თუ მოგვმართავენ, გავხდებით მათი დამცველები, თუ არ მოგვმართავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ ართმევენ პრობლემებს თავს ჩვენი დახმარების გარეშე. რაც შეეხება კონკრეტულ თემას, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციის ფაქტები ასეთ რანჟირებაში ჩანს, მაგრამ გააჩნია, ეს როგორ იქნება ახსნილი. მე არ ვსაუბრობ ღირებულების ზრდაზე, მე ვსაუბრობ ლოგიკაზე. ღირებულების ზრდა სხვა თემაა და ეს შეიძლება, დავის საგანი გახდეს, მაგრამ როგორც მე მივხვდი, ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს ბრენდის ძალა და შესაბამისად, ის ფასში რაღაცნაირად უნდა გამოიხატოს,“ - აცხადებს გიორგი გახარია.

მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში ევროპის პრაქტიკა იქნება შესასწავლი, რადგან „ნაბეღლავი“ და „ბორჯომი“ საკმაოდ მსხვილი ექსპორტიორები არიან და გარკვეული შეღავათები უნდა იქნას გათვალისწინებული. ბიზნეს-ომბუდსმენის ინფორმაციით, ასეთი დონის გადასახადები ევროპაში არსად არ არის.

„სანახავია ჩვენი ძირითადი კონკურენტი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ა.შ. ვინც აწარმოებს მინერალურ წყლებს. საუბარია კომპანიებზე, რომელთაც გააქვთ თავიანთი ნაწარმი ევროპაში, უკრაინაში ან მომავალში გაიტანენ რუსეთში. ხომ ვხვდებით, რომ მათი ძირითადი კონკურენტები მაგალითად უკრაინაში იქნებიან არა ადგილობრივი მწარმოებლები, არამედ იტალიური და ფრანგული პროდუქტები, ამიტომ ეს ყველაფერი შესასწავლია და დარწმუნებული ვარ, აქ გარკვეული ბალანსი მიიღწევა", - განაცხადა გახარიამ.