ანდრო ბარნოვი - გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრემიერმა მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩინოვნიკი დანარჩენების ბრალეულობის დასაფარად გაწირა

ანდრო ბარნოვი - გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრემიერმა მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩინოვნიკი დანარჩენების ბრალეულობის დასაფარად გაწირა

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრემიერ- მინისტრმა ივანიშვილმა მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩინოვნიკი გაწირა, რათა დანარჩენების ბრალეულობა დაეფარა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანდრო ბარნოვი ამით გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვედო მასალების გავრცელებისთვის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი აცხადებს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ეს ჩანაწერები, პრემიერმა ყოველგვარი აპელირების გარეშე კადრების ჩაწერასა და გავრცელებაში "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა. მისივე თქმით, საზოგადოებისთვის მიუღებლი აღმოჩნდა პრემიერის ეს განცხადება და სწორედ საზოგადოების ზეწოლის და "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობის გამო მოუწია პრემიერს "მსხვერპლის გაღება იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ეს იმიჯი".

ბარნოვის განცხადებით, პრემიერის რეაქცია ეჭვს უჩენს მათ, რომ ის პირადად იყო დაინტერესებული აღნიშნული კადრების გავრცელებაში და პირადად იყო დაინტერესებული რეალობის დაფარვაში, გამომდინარე იქიდან, რომ კორუფციულ სქემაში, რომელზეც ფარესაშვილი საუბრობდა, პრემიერთან დაახლოებული ორი პირი, ხვედელიძის გარდა, ხუხაშვილი და ნაცვლიშვილი ფიგურირებენ.
"ჩანაწერის გამოქვეყნების ბრალი მართლაც მხოლოდ ხვედელიძის კისერზე რომ იყოს, რა ვუყოთ იმ ბრალდებებს, რის გამოც ხვედელიძემ გადაწყვიტა ამ კადრების გავრცელება. ეს რომ უსაფუძვლო ბრალდებები ყოფილიყო, ამას ხომ არ გააკეთებდა?!", – განაცხადა ბარნოვმა. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მათ აქვთ საფუძველიანი ეჭვი, რომ პრემიერმა მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩინოვნიკი გელა ხვედელიძე გაწირა, ხოლო დანარჩენ ორს, ხუხაშვილს და ნაცვლიშვილს ხელს აფარებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ პრემიერი ცდილობს სიცრუეში აცხოვროს ხალხი, "როგორც თავად ხშირად ადანაშაულებს ოპონენტებს". ბარნოვის მტკიცებით, მთავრობამ ეს ნაბიჯი საკუთარი სახის შენარჩუნების მიზნით გადადგა და თუ მართლა მათი მიზანია სიმართლე დადგინდეს, მოუწოდებს გამჭვირვალედ აწარმოოოს გამოძიება და დეტალურად გამოიძიოს ის ბრალდებები, რამაც ამ ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა გელა ხვედელიძეს.