გია ხუხაშვილი – გელა ხვედელიძის დაკავება სწორი სიგნალი იქნება იმისა, რომ დანაშაული მაღალი რანგის ჩინოვნიკსაც არ ეპატიება

გია ხუხაშვილი – გელა ხვედელიძის დაკავება სწორი სიგნალი იქნება იმისა, რომ დანაშაული მაღალი რანგის ჩინოვნიკსაც არ ეპატიება

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, გია ხუხაშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დაკავება სწორი სიგნალი იქნება იმისა, რომ დანაშაული მაღალი რანგის ჩინოვნიკსაც არ ეპატიება. როგორც ხუხაშვილმა გელა ხვედელიძის დაკავების საკითხის კომენტირებისას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც დანაშაულს და მით უმეტეს, იმ ტიპის დანაშაულს ჩაიდენს, რასაც შს მინისტრის პირველ მოადგილეს ედავებიან.

"რაც არ უნდა ვთვლიდე, რომ ვიღაც უსამართლოდ იქცევა, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება, მით უმეტეს ამ ტიპის, წარმოუდგენელი დანაშაულია. მე თვითონ ვარ ასეთი დანაშაულის მსხვერპლი და ეს ძალიან კარგად მესმის, აქედან გამომდინარე, ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, უნდა დაისაჯოს და სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ეს აღმოჩნდა მაღალჩინოსანი. რა თქმა უნდა, მას ვიცნობ, ყველას ვიცნობ, ვინც ხელისუფლებაში მუშაობს, სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამ ტიპის და სხვა ტიპის დანაშაულს ჩაიდენს. უნდა დამთავრდეს ის ყველაფერი, რაც იყო. დღევანდელი დღე უნდა გახდეს წყალგამყოფი, რომლის იქითაც ეს აღარასდროს აღარ განმეორდება. ეს არის ძალიან კარგი ნიშანი და სწორი სიგნალი იმისა, რომ დანაშაული მაღალი რანგის ჩინოვნიკსაც არ ეპატიება", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

შსს-ის ინფორმაციით, მედიაკავშირ "ობიექტივის" ჟურნალისტის, გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ინტერნეტში მინისტრის პირველმა მოადგილე გელა ხვედელიძემ ატვირთა. აღნიშნულის გამო ხვედელიძე დაკავებულია. ის ბრალს აღიარებს.