კრიმინალი, რომელმაც მიტყეპა ჩიორა თაქთაქიშვილი, ფოთში თანამდებობაზე დაუნიშნავთ

კრიმინალი, რომელმაც მიტყეპა ჩიორა თაქთაქიშვილი, ფოთში თანამდებობაზე დაუნიშნავთ

"კრიმინალი, რომელმაც მიტყეპა და დაასისხლიანა საქართველოს პარლამენტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი, ფოთში 3000 ლარიან ხელფასიან თანამდებობაზე დაუნიშნავთ, - ამის შესახებ ფოთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ფოთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანმა 8 თებერვალს, საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპირების დროს ჩიორა თაქთაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია არც მისი ვინაობა და არც ის, კერძოდ, რომელ სამსახურს და რა თანამდებობას გულისხმობდა.

"საქართველოში დღეს, თურმე, კარიერა რომ გაიკეთო, ამისათვის საკმარისია ციხეში მოხვდე, მერე იქიდან ამნისტიით გამოგიშვან, მერე რომელიმე მთავრობისთვის არასასურველ პოლიტიკოსს დაესხა თავს, სასურველია კარგად სცემო და შემდეგ გეხსნება პერსპექტივა",-განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ამ ფონზე მისთვის არ არის გასაკვირი, რაც წუხელ თბილისში, კლუბ-რესტორან "ლა ტრუფე"-ში მოხდა.