ბიძინა ივანიშვილი - საქართველომ უნიჭიერესი და უძლიერესი მსახიობი და მამულიშვილი დაკარგა

ბიძინა ივანიშვილი - საქართველომ უნიჭიერესი და უძლიერესი მსახიობი და მამულიშვილი დაკარგა

საქართველომ უნიჭიერესი და უძლიერესი მსახიობი და მამულიშვილი დაკარგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ოთარ მეღვინეთუხუცესის გამოსამშვიდობებელ პანაშვიდზე განაცხადა, სადაც პრემიერი მეუღლესთან ერთად მივიდა."ოთარ მეღვინეთუხუცესი იყო უნიჭიერესი მსახიობი, ასევე, ის იყო უძლიერესი პიროვნება, ძლიერი და ღირსეული მამულიშვილი, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო და იბრძოდა მისთვის. მისი ყველა როლიც სწოერდ მის ამ ხასიათს უსვამდა ხაზს", – აღნიშნა პრემიერმა.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან ასევე განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა ოფიციალური პირები. მარჯანიშვილის გამზირზე ჩოხოსნებიც გამოჩდნენ, რომლებმაც თან შავი ფერის სუდარაგადაფარებული ცხენიც მიიყვანეს.

სპეციალურად დადგმულ მიკროფონთან რეჟისორმა ქეთი დოლიძემ სამგლოვიარო დეპეშები და წერილები წაიკითხა, რომლებიც რუსეთიდან არის გამოგზავნილი. სხვა მსახიობებთან ერთად სამგლოვიარო წერილსა და დეპეშებს ხელს ოლეგ ბასილაშვილი, ალისა ფრეინდლიხი და სხვა ცნობილი რუსი მსახიობები და რეჟისორები აწერენ.

ასევე, ქეთი დოლიძემ წაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილი, სადაც უწმინდესი ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

ოთარ მეღვინეთუხუცესის სამოქალაქო პანაშვიდეზე უამრავი ადამიანია შეკრებილი, მათ შორის არიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ოთარ მეღვინეთუხუცესის კოლეგები, თეატრალები, მომღერლები, მსახიობები და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები.