მიხეილ სააკაშვილი – ამ ქალაქში ყველა ქუჩა ტაძართან მოდის

მიხეილ სააკაშვილი – ამ ქალაქში ყველა ქუჩა ტაძართან მოდის

ამ ქალაქში ყველა ქუჩა ტაძართან მოდის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდგომ განაცხადა. მისი თქმით, ფოთის საკათედრო ტაძარი არის ახალი აია სოფია და ის საქართველოს განახლების სიმბოლოა.

"ბევრი ითქვა სახელმწიფოს როლზე, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია ის, რომ მშენებლებმა დღე და ღამე იმუშავეს, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა, ყოველგვარი დამატებითი ხელფასის გარეშე თავიანთი ხელით გაწმინდეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და მონაწილეობა მიიღეს მშენებლობაში, მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, ვინც მოკრძალებული სახსრები შესწირა ამ ტაძარს. ამ ქალაქში ყველა ქუჩა ამ ტაძართან მოდის - 12 ქუჩა მოდის ამ ტაძართან. ეს ტაძარი კიდევ გასაგრძელებელი გვაქვს. მინდა, მთელი გუმბათი მოოქროვდეს. ახლა რაც შევძელით, ჯერჯერობით ეს იყო. გუმბათის ძირითადი ნაწილი მოოქროვებულია, მაგრამ მთლიანად უნდა მოოქროვდეს. ტაძრები შიგნიდან მოსახატია, მოზაიკა გასაკეთებელია, დასამატებელია დეტალები, მაგრამ ეს თანდათან გაკეთდება. მთავარია, აქ ისევ გაიხსნა ღვთის ტაძარი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ტაძარში იყო "ძალიან მაგარი" თეატრი და კარგი კოლექტივი, მაგრამ მათი ადგილი ტაძარში არ იყო. "მათთვისაც შენდება და იმედია, მალე დასრულდება ფოთის ახალი, თანამედროვე თეატრი და ფოთში გაგრძელდება დიდი თეატრალური ტრადიცია, რადგან ტაძრის აღმშენებლობამ თეატრალური ტრადიცია არ უნდა შეაჩეროს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პატრიარქსა და მეუფე გრიგოლს, რომელიც მისი თქმით, ტაძრის მალე დასასრულებლად ბევრს იბრძოდა და ხანდახან "ჩხუბობდა" კიდეც. მიხეილ სააკაშვილმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ტაძრის მშენებლობაზე გაღებული დიდი ღვაწლისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.