ილია მეორე - უფალი იქ წყვეტს და აქ სრულდება

ილია მეორე - უფალი იქ წყვეტს და აქ სრულდება

ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი საქართველოს განახლების და აღდგომის სიმბოლოა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კვირაცხოვლობასთან დაკავშირებული საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა მრევლს ტაძრის აღდგენა და კურთხევა მიულოცა, ასევე მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა.
"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, კვირაცხოვლობას, ამ დიდებული ტაძრის აღდგენას. ეს ტაძარი აღდგომის სახელობისაა და საქართველოს განახლების და აღდგომის სიმბოლოა. დღეს ჩვენ შევთხოვეთ უფალს, რათა მოგვანიჭოს მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც მთელი ერის ცხოვრება, განსაცდელებით არის სავსე, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი განაგებს ამ ქვეყანას და ყოველი ადამიანის ბედს. უფალი იქ წყვეტს და აქ სრულდება", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა დიდი ქართველი მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი, როგორც ქალაქის მეთაურის უშუალო ჩარევით და მოღვაწეობით აშენდა ფოთიც და საკათედრო ტაძარიც. "მოხარული და ბედნიერი ვართ, რომ დღეს ამ წმინდა წირვას ესწრება მისი პირდაპირი შთამომავალი, სალომე ზურაბიშვილი", - ბრძანა უწმინდესმა და პატივისცემის ნიშნად სალომე ზურაბიშვილი დააჯილდოვა.

პატრიარქმა საკათედრო ტაძრის კურთხევა და აღდგენა მიულოცა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლსაც და წმინდა ამბროსი ხელაიას ხატი გადასცა. "არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჩვენს პრეზიდენტს აქვს უდიდესი ღვაწლი ჩადებული ამ ტაძრის აღდგენაში. მადლობელი ვართ ამ ღვაწლისა და შრომისათვის. მიტროპოლიტ გრიგოლს ვუსურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს და პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად გადავცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა ამბროსი ხელაიას ხატს. მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს დღესასწაული ძვირფასია ჩემთვის, იმიტომ, რომ ამ დღეს მე ვიყავი ნაკურთხი მღვდლის ხარისხში. ღმერთმა არ მოგაკლოთ სიხარული თქვენ და საქართველოს", - ბრძანა უწმინდესმა.