შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული გიორგი შ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისში, გლდანში, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 0,4831 გრ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი" ამოიღეს.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ გიორგი შ-ს „ოპიუმი"-ს ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი დაუდგინა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).